ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბოკერია: ამომრჩევლამდე უნდა მივიტანოთ დაშვებული შეცდომების გააზრების შედეგები

ენმ-ს საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, ტაბულას გადაცემა თეორემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველი ყველა საკვანძო მიმართულებით "გადააგდო", რამაც, მისი თქმით, მმართველი კოალიციის რეიტინგის დრამატული კლება გამოიწვია. კითხვას, კოალიციის რეიტინგის კლების პირობებში, რატომ გაიზარდა ენმ-ს ამომრჩეველთა რაოდენობა მხოლოდ 5%-ით, ბოკერიამ უპასუხა:

"თუ ოცნების მიერ დაკარგული ხმები სადმე წავიდა, თუ ვინმეს აქვს ზრდა, ნაციონალური მოძრაობაა. სხვაგან ასეთი ზრდა არ ჩანს. მე ვისურვებდი, რომ უფრო დიდი ზრდა ყოფილიყო, თუმცა, 5%-იანი ზრდა ჯობია არ ზრდას და მითუმეტეს, ჯობია ვარდნას. თან, ეს ხდება სამწლიანი დემონიზაციისა და მუდმივი თავდასხმების პირობებში. თუმცა, მე აქ მთავარ საკითხად მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი ბევრად მეტი, იმისთვის, რომ ამომრჩეველთა უფრო ფართო წრემდე მივიტანოთ ჩვენი ახლანდელი გზავნილი, ის პროგრამა და ხედვა, რაც დღეს გვაქვს. როგორ ვაპირებთ ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანას, მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმს გადავირჩევთ და ეს აუცილებლად მოხდება. უნდა ვიზრუნოთ რომ ეს გეგმები დავდოთ და ენმ ერთადერთია და პირველია, ვინც ასეთი კომპლექსური გეგმა და ხედვა წარმოადგინა.

მეორე საკითხი, რაც ჩვენ მისატანი გვაქვს ამომრჩევლებამდე, არის ის, თუ როგორი გამოცდილება დავაგროვეთ საკუთარი, წინა მმართველობის განმავლობაში, მათ შორის იმ ზოგიერთ სერიოზულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, რომელსაც ჩვენ ვერ ვუპასუხეთ ან პირიქით, სერიოზული შეცდომები დავუშვით. ამ გამოცდილების გააზრების შედეგიც უნდა მივიტანოთ ამომრჩევლებამდე და ამის მცდელობას აქვს ადგილი ჩვენი მხრიდან, მაგრამ მეტი უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით", - თქვა ბოკერიამ.

კომენტარები