ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბოკერია: ჩვენი პოლიტიკა მოიტანს ეკონომიკის ზრდას და ახალ სამუშაო ადგილებს

Giga Bokeria
Tabula

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, გიგა ბოკერიამ, ტაბულას გადაცემა თეორემაში ენმ-ის სამომავლო ეკონომიკურ გეგმაზე ისაუბრა.

"ჩვენი პოლიტიკა მოიტანს ეკონომიკურ ზრდას, ექსპორტის ზრდას, ტურიზმის ზრდას - ანუ გაზრდის სავალუტო შემოდინებებსმ რაც იძლევა შანსებს, რომ პირველ რიგში დასტაბილურდეს ვითარება და აღარ გვქონდეს ლარის ასეთი რყევის რისკები, რაც ყველაზე დიდი საფრთხეა. არ არის გამორიცხული, რომ არა რყევებით, მაგრამ ხავერდონად შეიცვალოს კურსი. მაგრამ მე ამ პროგნოზს არ ვაკეთებ. მთავარი, რასაც ჩვენ ვპირდებით ჩვენ ამომრჩევლებს, არის ის, რომ ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ გადავდგამთ, მოიტანს ეკონომკურ ზრდას, ახალ სამუშაო ადგილებსა და მომატებულ შემოსავალს, გაზრდის ეკონომიკურ ბრუნვას, ექსპორტსაც და იმპორტსაც.

ეს არის მთავარი, ეს ჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს. რა კურსი დაჯდება, ამაზე წინასწარ პროგნოზი იქნებოდა არასერიოზული და არაკომპეტენტური, თუმცა ის, რომ სტაბილური უნდა იყოს ვალუტა, ამის თავიდან აცილება, შესაძლებელია აბსოლუტურად, ეკონომიკური ზრდის დაბრუნებით, ეკონომიკური მობილობით და სავალუტო დინებების გაზრდით, მათ შორის ტურიზმით, პირველ რიგში. შესაძლოა ცვლილებები ხდებოდეს, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ჩვენ ვიხილეთ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, რამაც დაანგრია ეკონომიკა და იმ ხალხს დაუნგრია ცხოვრება, ვისაც კრედიტი ჰქონდა აღებული, ვისაც ბიზნესი ჰქონდა და აქედან გამომდინარე მთელ მოსახლეობას შეეხო ეს ყველაფერი", - განაცხადა ბოკერიამ.

ენმ-ს საგარეო ურთიერთობათა მდივანმა დასახული მიზნის მიღწევის გზებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი გეგმავს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას.

"ჩვენი მთავარი გზავნილი მდგომარეობს იმაში, რომ განსაკუთრებით იმ კრიზისის ფონზე, რომელშიც შეიყვანა ივანიშვილის გუნდმა ჩვენი ქვეყანა და ისედაც, აუცილებელია ძალიან სწრაფად, დრამატული შემცირება ბიუროკრატიის ხარჯებისა და დეფიციტის შემცირება. რასაც ჩვენ განვახორციელებთ აუცილებლად. დღევანდელი ზრდა დეფიციტური ხარჯისა, ხელს უწყობს ლარის რყევას, რა თქმა უნდა ექსპორტის შემცირებასთან ერთად და ტურიზმის ზრდის გაჩერებსთან ერთად. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ხარჯები დრამატულად შევამციროთ. ხარჯების შემცირების ხარჯზე ,დღესვე, ახლავე, კონკრეტულ კალკულაციაზე დაყრდნობით შესაძლებელია ჩვენი პენსიონერებისთვის 50 ლარით პენსიის გაზრდა. იმ ხარჯების შემცირებით, რომელიც გაზარდა ამ გუნდმა, ივანიშვილის გუნდმა, 2012 წელთან შედარებით. ბიუროკრატიის ხარჯების ზრდა ამ პერიოდიდან არის 400 მილიონზე მეტი.

აქ არ შედის მასწავლებლების ხელფასები, არ შედის ჯარი, აქ ლაპარაკია მხოლოდ იმ ბიუროკრატიაზე, რომელიც მათ გაზარდეს საკუთარი ნათესავების და პოლიტიკური ნეპოტების ხარჯზე. აიპ-ებით დაწყებული, თვითმმართველობით დამთავრებული, ყველგან სადაც ამ ხალხის უზარმაზარი რაოდენობა მოიყვანეს. იმიტომ, რომ მათთვის გაიმარჯვბა ოცნებამ და ივანიშვილმა, როგორც გაირკვა და არა მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის. მარტო ეს არის საკმარისი. ეს არის განსხვავება 2012 წელსა და 2015 წელს შორის ნაერთ ბიუჯეტში ამ ხარჯების, ხელფასების, რომლის გამოკლებით შესაძლებელია, რომ ჩვენს პენსიონრებს გავუზარდოთ პენსია 50 ლარით. ესეც არ არის საკმარისი, ეს უნდა მოხდეს ახლავე.

ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თუ ჩვენ ამომრჩევლები დაგვიჭრენ მხარს, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა შემცირდეს ბიუროკრატიის ხარჯები და უაზრო რეგულაციებით შექმნილი ხარჯები, მილიარდზე მეტით და ამის ხარჯზე მოხდეს გადასახადების დაწევა, მათ შორის, საშემოსავლო გადასახადის, დღგ-ს და მოგების გადასახადის, ეტაპობრივად დაწევა, ეს შექმნის პირობებს, რაც ახალი სამუშაო აადგილების შექმნისთვის არის აუცილებელი. ეს არ არის პოპულიზმი, ეს ეყრდნობა ძალიან კონკრეტულ გათვლებს და ყველას, ვისაც აინტერესებს, შეუძლია ნახოს ჩვენი პროგრამა, რომელიც ინტერნეტში არის და ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის ამ თემების დეტალებთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ეს გარდაუვლად ჭირდება ჩვენ ქვეყანას ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიულად ჩამოცილების შემდეგ", - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები