თურქეთი-რუსეთი

ერდოღანი: იმედია, პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობა მალე მექნება

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ვლადიმირ პუტინი
tass.ru

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. "მალე პარიზში სამიტი გაიმართება. იმედია, პუტინიც დაესწრება და პირადად დაველაპარაკები. ვეცდები, საკითხი გონივრულ წერტილამდე დავიყვანო. შეშფოთებული ვართ, რომ ეს საკითხი გამწვავდა", - ამბობს ერდოღანი Associated Press-თან საუბარში.

ერდოღანმა გუშინ France 24-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პუტინი მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ თქვა, რომ "თუ რუსულ თვითმფრინავს რომელიმე ქვეყანა ისევ ჩამოაგდებს, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ არცერთ კოალიციასთან თანამშრომლობა არ სჭირდება".

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს თურქეთმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი SU-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო. ოფიციალური ანკარის განცხადებით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოსკოვი კი, საზღვრის დარღვევას უარყოფს და ამბობს, რომ თვითმფრინავი ჩრდილოეთ სირიაში დაფრინავდა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, ეს შემთხვევა იყო "ტერორისტების თანამზრახველების მიერ განხორციელებული დარტყმა". მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე გავლენას იქონიებს. რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები უკვე გაწყვიტა. საუბარია თურქეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაკისრებაზეც.

კომენტარები