ოკუპირებული ტერიტორიები

ენმ: ზაქარეიშვილის განცხადება სახიფათოა, ის იმეორებს რუსეთის შეთხზულ ლეგენდას

გიორგი კანდელაკი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას აფხაზეთის შესახებ, ანტისახელმწიფოებრივად აფასებს. დღევანდელ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ ზაქარეიშვილი ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ შეთხზულ ლეგენდას იმეორებს. ცნობისთვის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თქვა, რომ "ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა - ეს არის საბჭოთა კავშირი. რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, მე არ ვიცი და სხვა გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა. ჩვენს თაობას არ გვახსოვს, ყოველ შემთხვევაში, ანუ დღევანდელ ევროპულ რეალობაში ეს არ ყოფილა".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, პაატა ზაქარეიშვილის განცხადება ღრმად არაკომპეტენტურია და ადასტურებს, რომ მას საკუთარი ფუნქციები არ ესმის. ასევე, ენმ-ის აზრით, ის კიდევ ერთხელ თვალნათლივ წარმოაჩენს, რომ ივანიშვილის გუნდს არ აქვს საქართველოს მომავლის არც ხედვა და არც რწმენა.

"იმის ნაცვლად, რომ უპირისპირდებოდეს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ პროპაგანდას საერთაშორისო ასპარეზზე, ცდილობდეს მრავალეთნიკური, ევროპული და სამოქალაქო ინდენტობის მქონე საქართველოს იდეის წინ წამოწევას, გვესმის რაღაც ფსევდოფილოსოფიური მსჯელობა და ქადაგება ბედთან შეგუებაზე. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ საოკუპაციო ხაზი ყოველდღე იწევა და რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ეთნიკური ქართველების უფლებები მუდმივად ირღვევა ოკუპანტების მიერ ყოველგვარი პოლიტიკური ფასის გადახდის გარეშე. დღეისათვის ეთნიკური წმენდის და დევნილთა დაბრუნების საკითხი, ივანიშვილის გუნდის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებისთვის საზიანო საქმიანობის შედეგად, საერთაშორისო დღის წესრიგიდან ფაქტიურად მოხსნილია.

საქართველოს მთავრობის წევრის მიერ გაკეთებული ეს განცხადება არის უაღრესად სახიფათო, რადგან იმეორებს ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ შეთხზულ ლეგენდას, თითქოს თანამედროვე ეპოქაში საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის მოხვედრა საბჭოთა კავშირის „დამსახურებაა". ამ ლეგენდის მიზანი კი საქართველოს სუვერენიტეტის დელეგიტიმაციაა. რუსეთის და მისი მარიონეტების მიერ სწორედ ეს ლეგენდა გამოიყენებოდა 1992-1993 წლებში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის და აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდის გასამართლებლად", - განაცხადა კანდელაკმა.

დეპუტატის თქმით, გასაკვირი არ არის, "რომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყაზანის უმაღლეს პარტიულ სკოლაში, რომელიც ბ-ნმა ზაქარეიშვილმა მეცნიერული კომუნიზმის განხრით დაამთავრა, საქართველოს ისტორიას იგი საფუძვლიანად ვერ შეისწავლიდა". მიუხედავად ამისა, ენმ-ის აზრით, "ამგვარი პრინციპულად მცდარი და საქართველოს სუვერენიტეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი განცხადებების გაკეთება საქართველოს მთავრობის წევრის მიერ ყოვლად დაუშვებელია, მით უმეტეს, რომ სიმართლე ამ ლეგენდის ზუსტად საპირისპიროა".

"როგორც დე იურე, ასევე დე ფაქტო აფხაზეთზე საქართველოს სუვერენიტეტი ვრცელდებოდა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციამდე და მას შემდეგაც. კერძოდ, აფხაზეთის ტერიტორიას სრულად აკონტროლებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წლებში. საქართველო-რუსეთის საზღვრად მდ. ფსოუ რუსეთის მიერვეა აღიარებული 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით, რომელიც საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი საფუძველი და საერთაშორისო სამართლის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია. ამდენად, საბჭოთა პროპაგანდის გავრცელებული მითი, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში სტალინმა „ჩართო", უბრალოდ ტყუილია - მათ შორის იმიტომ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოცემული ყველა აქტი და „კონსტიტუცია" - რომლებზეც ოკუპანტები და მათი მარიონეტები ახდენდნენ აპელირებას - საერთაშორისო სამართლისთვის უკანონოა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დემოუკიდებლობის აღდგენიდან 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდის მომენტამდეც საქართველოს იურისდიქცია აფხაზეთში ვრცელდებოდა. მოცემული განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობის საქმიანობის შედეგად საქართველოს ინტერესები უკლებლივ ყველა სფეროში, მათ შორის - ეროვნული უსაფრთხოების და სუვერენიტეტის მხრივ, ზიანდება. სწორედ ამიტომ, მთავრობა უნდა გადადგეს", - თქვა კანდელაკმა.

კომენტარები