კლიმატის ცვლილებების სამიტი

პარიზის კლიმატის ცვლილებების სამიტს 147 ქვეყნის ლიდერი ესწრება

wtop.com

პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის კონფერენცია მიმდინარეობს. სამიტს 147 სახელმწიფოს ლიდერი ესწრება. მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ისინი, გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ფარგლებში, მავნე გამონაბოლქვების ემისიის შესახებ შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან. 

შეხვედრის მონაწილეებს დღეს სიტყვით მიმართეს ფრანსუა ოლანდმა, ბარაკ ობამამ და გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა. დღესვე მოხსენება ექნებათ გერმანიის კანცლერს რუსეთის პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს.

"ჩაძირული ქვეყნები, მიტოვებული ქალაქები, სფეროები, რომლებსაც განვითარება აღარ აქვთ, პოლიტიკური ხასიათის დარღვევები წარმოშობს ახალ კონფლიქტებს. ეს არ უნდა იყოს ძლიერი ეკონომიკის ქვეყნების მომავალი. ჩვენი მომავალი ისაა, რომ ჩვენ გვაქვს ძალა, შევცვალოთ ეს ყველაფერი, სწორედ აქ, ამ ადგილას. აქ მოვედი იმის სათქმელად, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არა მხოლოდ აცნობიერებს პრობლემის აქტუალობას, არამედ მიზნად ისახავს, დაძლიოს ეს პრობლემა" - განაცხადა ბარაკ ობამამ.

"პარიზის შეთანხმების ბედი მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. თქვენი ხალხის მომავალი, მსოფლიო მოსახლეობის მომავალი, ჩვენი პლანეტის მომავალი თქვენს ხელთ არის. ჩვენ არ შეგვიძლია, თავს უფლება მივცეთ ვიყოთ გაუბედავები ან ნახევრად მივიღოთ ზომები პრობლემის აღმოსაფხვრელად. ჩვენი მთავარი მიზანი არის ცვლილება" - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა.

კლიმატის საერთაშორისო კონფერენცია პარიზში, ცოტა ხნის წინ მომხდარი ტერაქტების შემდეგ, მაღალი უსაფრთხოების ზომების ფონზე მიმდინარეობს. ამავე სამიტზე თურქეთის პრეზიდენტი, სუ 24-ის ჩამოგდების შემდეგ, ვლადიმირ პუტინს შეხვედრას სთავაზობდა, თუმცა რუსეთის ლიდერი ერდოღანთან მოლაპარაკებას არ გეგმავს. სავარაუდოდ, არაოფიციალური შეხვედრა გაიმართება თურქეთის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის. 

სამიტში ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს.

კომენტარები