ოკუპირებული ტერიტორიები

საგარეო უწყება: რუსეთმა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან მორიგი დოკუმენტი გააფორმა

mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან სამხედრო სფეროში მორიგი დოკუმენტი გააფორმა, კერძოდ, ხელი მოეწერა ე.წ. შეთანხმებას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე. უწყება რუსეთის "ამ პროვოკაციული ნაბიჯის" გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

"აფხაზეთი არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი, ის არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტს და შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა, დაიდოს მასთან "შეთანხება", წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და არის უკანონო აქტი, რომელიც არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯის გამო, რომელიც, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის სხვა ფორმებთან ერთად, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოსა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. ზემოხსენებული "შეთანხმება" წარმოადგენს 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების" შემადგენელ ნაწილს, რაც ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო ვალდებულებების და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრული უგულებელყოფით, განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას და ამგვარად საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.

საქართველოს მთავრობის მოწოდებების მიუხედავად, დოკუმენტის გაფორმებით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები. აღნიშნული განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების არარსებობისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე უარის თქმის გათვალისწინებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებას და მიიღოს შესაბამისი ზომები რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული არასტაბილური მდგომარეობის შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით", - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები