თურქეთი-რუსეთი

სერგეი ლავროვი თურქ კოლეგას ბელგრადში შეხვდება

სერგეი ლავროვი
http://www.dailystar.com.lb/

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მიმდინარე კვირას, ბელგრადში თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე უარს არ იტყვის და სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო "ახსნა-განმარტებებს მოისმენს".

ლავროვი მევლუთ ჩავუსოღლუს სერბეთის დედაქალაქში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ გამართული შეხვედრის ფარგლებში შეხვდება.

ლავროვის თქმით, თვითმფრინავის ჩამოგდებიდან მეორე დღეს ის თურქ კოლეგას ესაუბრა, მაგრამ "მხოლოდ რამდენიმე ბოდიში" მოისმინა.

თურქეთმა რუსული თვითმფრინავი 24 ნოემბერს საკუთარი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ჩამოაგდო. თუმცა, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა თვითმფრინავი. რუსეთი კი საზღვრის დარღვევას უარყოფს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მტკიცებულება აჩვენებს, რომ რუსეთმა ნამდვილად დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთს "ტერორისტების თანამზრახველი" უწოდა. მიუხედავად ამისა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მაინც იმედოვნებდა, რომ სიტუაციის "გონივრულ წერტილამდე დაყვანას" შეძლებდა. პარიზში, გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტზე თურქეთის პრეზიდენტი პუტინთან შეხვედრასა და საუბარს გეგმავდა, თუმცა, რუსმა კოლეგამ უარი თქვა. მანამდე, ერდოღანი პუტინს ურეკავდა, თუმცა, ის არ პასუხობდა.

მომხდარის გამო რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, გაწყვიტა სამხედრო კონტაქტები და გააუქმა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

კომენტარები