მარჯვენასაჭიანი მანქანები

მღებრიშვილი: მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება

ტაბულა

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. შესაბამის ცვლილებებს "საგზაო მოძრაობის შესახებ" და სხვა რამდენიმე კანონში მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ, ახალი წესების პრეზენტაცია კი შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, სიცრუეა, რომ მარჯვენასაჭიან მანქანებზე დამატებითი გადასახადი წესდება ან იკრძალება მოძრაობა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით.

"მსგავსი არაფერი იგეგმება. მფლობელებს, ვისაც გააჩნიათ უკვე რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები ან ავტომანქანები გადატანილი საჭით, შეუძლიათ მთელი ცხოვრება გამოიყენონ ეს მანქანები, ჩვენ მათ არ ვეხებით. უბრალოდ იმ თარიღის შემდეგ, რაზეც დღეს ჩვენ შევთანხმდებით, მსგავსი მანქანების რეგისტრაცია აიკრძალება", - განაცხადა მღებრიშვილმა და განმარტა, რომ იკრძალება რეგისტრაცია და არა - იმპორტი, ტრანზიტი, დროებითი შემოყვანის რეჟიმი, რეექსპორტი.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოში დაშლილი ნაწილებით ვაჭრობენ და ასეთი მანქანების იმპორტის შემთხვევაში, მფლობელს შეუძლია, დაშალოს იგი, ვინაიდან რეგისტრაციაში არ გატარდება.

შს მინისტრის განცხადებითვე, სტატისტიკა საგანგაშოა, ვინაიდან 2015 წლის მონაცემებით მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი საქართველოში 50%-ს გაუტოლდა.

კომენტარები