მარჯვენასაჭიანი მანქანები

პრემიერი მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას დადებითად აფასებს

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვის ინიციატივას დადებითად აფასებს. მან მთავრობის დღვანდელ სხდომაზე შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს მადლობა გადაუხადა. პრემიერის განცხადებით, ეკოლოგიის კუთხით, თბილისში კატასტროფული ვითარებაა.

"კოლეგებს მინდა მოგმართოთ, რომ ასეთ საკითხებზე საჭიროა უკვე დროული რეაგირება. იგივე ეკოლოგიის კუთხით ჩვენ გვაქვს კატასტროფა თბილისში. მე რაც მესმის ადამიანებისგან, არის მასობრივი ჩივილი და უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ ავტომობილები დადიან სპეციალური კატალიზატორის გარეშე, რომელიც გამონაბოლქვს ფილტრავს. ასევე მინდა გთხოვოთ, საწვავის, დიზელის, ბენზინის გეგმიური შემოწმება რეგულარულად გააგრძელოთ", - მიმართა პრემიერმინისტრმა გიორგი მღებრიშვილს.

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. შესაბამის ცვლილებებს "საგზაო მოძრაობის შესახებ" და სხვა რამდენიმე კანონში მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ, ახალი წესების პრეზენტაცია კი შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები