შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

ომბუდსმენი: 2015 წელს არაერთ შშმ პირს შეექმნა სხვადასხვა დაბრკოლება

უჩა ნანუაშვილი

დღეს, 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა თემაზე: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა".

ომბუდსმენის ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში არაერთმა პირმა მიმართა, რომლებსაც დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე სხვადასხვა დაბრკოლებები შეექმნათ. მათი პრობლემები ძირითადად უკავშირდება სათანადო საცხოვრებლის, განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სხვა საკითხებს.

"საქართველოში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ძალაში შესვლის მიუხედავად, ბევრი ადამიანისთვის ჯერ კიდევ გამოწვევაა ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა თუ ინფორმაციის მისაწვდომობა, სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზება, ხარისხიანი და უწყვეტი ინკლუზიური განათლება, ჯანდაცვა, დასაქმება. აღნიშნული პრობლემები განსაკუთრებით მწვავეა სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სახელმწიფოს მხრიდან სათანადო მხარდაჭერის გარეშე ისინი მოუმზადებელი არიან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის", - აცხადებს სახალხო დამცველი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 1992 წელს დააწესა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, ყურადღების მიქცევა მათ საჭიროებებზე, მათი ღირსების დაცვა და მხარდაჭერა.

კომენტარები