თურქეთი-რუსეთი

დავითოღლუ: რუსეთის ბრალდებები საბჭოთა პროპაგანდის ნაწილია

Reuters

თურქეთის პრემიერმინისტრი აჰმედ დავითოღლუ რუსეთის ბრალდებებს ნავთობის ISIS-ისგან შეძენის შესახებ უარყოფს. დავითოღლუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალებს, "საბჭოთა სტილის პროპაგანდას" უწოდებს.

"ცივი ომის პერიოდში არსებობდა საბჭოთა პროპაგანდის მანქანა, რომელიც ყოველდღე ახალ და განსხვავებულ ტყუილებს ავრცელებდა. თავდაპირველად ამ ტყუილებს ისინი თავად იჯერებდნენ, შემდეგ კი ელოდებოდნენ, რომ მსოფლიოც დაიჯერებდა. პროპაგანდისტული ტყუილების გასავრცელებლად ისინი Правда-ს იყენებდნენ და ეს აბსოლუტური ნონსენსი იყო. ეს არის მათი ძველი ტრადიცია, მაგრამ მოულოდნელად მათ ეს ჩვევა თავში ისევ ამოუტივტივდათ. საბჭოთა სტილის პროპაგანდისტული მანქანის ტყუილებს არავინ არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს", - თქვა დავითოღლუმ.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა "მტკიცებულებები" გამოაქვეყნა, რომლებიც, რუსეთის ხელისუფლების მოსაზრებით, ამტკიცებს, რომ თურქეთი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან არალეგალურად შემოტანილი ნავთობით სარგებლობს.

კომენტარები