სამომხმარებლო ბაზარი

2014 წელთან შედარებით ჯანდაცვა 11.5%-ით გაძვირდა

ტაბულა

საქსტატის ინფორმაციით, 2014 წელთან შედარებით ჯანდაცვის სექტორში ფასები 11.5%-ით არის გაზრდილი. 2014 წლის ნოემბერთან შედარებით ერთი მესამედით არის გაძვირებული სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ფასები. ჯანდაცვის სექტორში ფასების ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობის გადახდისუნარიანობასა და საყოველთაო დაზღვევის პროგრამაზე, რომლიდანაც წინასწარ დაგეგმილზე უფრო ძვირადღირებული პროდუქციის დაფინანსება ხდება. 

ფასების ზრდა ძირითადად ლარის გაუფასურებას უკავშირდება, სამედიცინო პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტირებულია, რის გამოც მასზე ლარის გაუფასურება უარყოფით გავლენას ახდენს.

2014 წელთან შედარებით, ჯანდაცვასთან ერთად ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ისეთ სექტორებში, როგორიცაა: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (5.2%), სახლის მოვლა-შენახვა (12%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (9.2%).

ყველა სექტორის ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.3%-ს შეადგენს, რაც ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სამიზნე ინფლაციას 1.3%-ით აღემატება. 

კომენტარები