უვიზო რეჟიმი

31 ევროპარლამენტარი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ითხოვს

Reuters

ევროპარლამენტმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ხელს 31 პარლამენტარი აწერს. ღია წერილში ავტორები ევროპარლამენტის ლიდერებს, ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს, საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს ფედერიკა მოგერინის და სხვებს მიმართავენ. ისინი ღია წერილში უკრაინასა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ითხოვენ.

"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინისთვის და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება გამოხატავს ევროკავშირის ჭეშმარიტ ძალისხმევას აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ. ეს გადაუდებელია იმ უზარმაზარი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და პროპაგანდისტული ზეწოლის ფონზე, რომელიც ევროკავშირის ასოცირებულ პარტნიორებზე ხორციელდება. მეტიც, ეს გააძლიერებს უკრაინისა და საქართველოს გამბედაობას იმისთვის, რომ გააგრძელონ რეფორმები და მოახდინონ დემოკრატიული ცვლილებები ქვეყანაში", - ნათქვამია წერილში.

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ უკრაინელ და ქართველ ხალხს უკვე მომავალ წელს შეეძლებათ, უვიზო რეჟიმის ბენეფიციარები გახდნენ.

კომენტარები