თამარ ბერუჩაშვილი

თამარ ბერუჩაშვილი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

NETGAZETI.GE

თამარ ბერუჩაშვილი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ბერუჩაშვილი მუშაობას 2016 წლის მარტიდან შეუდგება.

განკარგულების თანახმად, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა.

თამარ ბერუჩაშვილი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის მოადგილე იყო. მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მოხსნა, 2014 წლის ნოემბერში თანამდებობა დატოვა მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემაც. ფანჯიკიძის გადადგომის შემდეგ ბერუჩაშვილმაც დატოვა თანამდებობა და თქვა, რომ "საქართველოს ევროპული კურსი საფრთხეშია". თუმცა, მეორე დღეს, ბერუჩაშვილმა გადაიფიქრა და აღნიშნა, რომ პრემიერთან საუბრის შემდეგ, პოსტზე დარჩენა გადაწყვიტა. მან განმარტა, რომ მისი განცხადება ქვეყნის ევროპული კურსის საფრთხის შესახებ "ემოციური და სოლიდარული გაუგებრობა" იყო.

ამის შემდეგ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. წელიწადზე ნაკლები დროის მინისტრობის შემდეგ, ბერუჩაშვილი პოსტზე გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა. პრემიერი ამბობდა, რომ კვირიკაშვილი გადაწყვეტდა, სად გააგრძელებდა მუშაობას თამარ ბერუჩაშვილი.

კომენტარები