ლარის გაუფასურება

ეროვნული ბანკი ლარის კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას არ ელოდება

გიორგი ქადაგიძე
ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, ბანკი ლარის კურსზე დამატებით წნეხს არ ელოდება. ქადაგიძე ამბობს, რომ ყველა ნეგატიური ფაქტორი, რაც ლარის კურსზე უარყოფით გავლენას ახდენს, კურსში უკვე ასახულია.

"როგორც აქამდე არაერთხელ განვაცხადე, სხვა თანაბარ პირობებში წნეხს ლარის გაუფასურებაზე ჩვენ აღარ ველოდებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავარი ეკონომიკური შოკი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, უკვე ასახულია კურსში", - ამბობს გიორგი ქადაგიძე.

ლარის კურსის დამატებით მერყეობას არც მსხვილი ბიზნესი ელოდება. ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის თქმით, დოლართან მიმართებით ლარის მიერ მიღწეული სტაბილურობის წერტილი 2.40 არის კურსი, რომელიც სავარაუდოდ ხანგრძლივად შენარჩუნდება. ლარის სტაბილიზაციაზე საუბრობს კომპანია ვისოლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძეც, მისი თქმით, ლარის კურსის გაუფასურებისთვის რაიმე ფუნდამენტური მიზეზი არ არსებობს, რადგანაც ყველა მიზეზი, რაც ლარის გაუფასურებას იწვევდა, კურსში უკვე ასახულია. 

ლარის კურსზე უცხოური ვალუტის შემომავალი და გამავალი ნაკადები ახდენს გავლენას. ექსპორტი, ფულადი გზავნილები, საერთაშორისო გრანტები, ტურიზმი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყაროა. იმპორტისა და საგარეო ვალის მომსახურება კი უცხოური ვალუტის გადინების მთავარი წყაროა. წელს შემცირებულია ექსპორტი, ფულადი გზავნილები, პრაქტიკულად უცვლელია ტურიზმი, უცხოური ინვესტიციები კი მზარდია. შემომავალი ნაკადების შემცირების გამო საქართველოში უცხოური პროდუქციის მოხმარებამ იკლო, რის გამოც იმპორტის მოცულობა დაახლოებით 10%-ით შემცირდა, რამაც ლარის კურსი დაასტაბილურა. იმპორტის შემცირება თითქმის სრულად აბალანსებს სხვა წყაროებში (ექსპორტი, ფულადი გზავნილები) არსებულ შემცირებას, რის გამოც ლარის კურსი უკანასკნელი თვეების მანძილზე დოლართან მიმართებით 2.40-ის ფარგლებში მერყეობს. 

ლარის კურსზე გავლენა ბიუჯეტის ხარჯვასაც აქვს, თუკი მთავრობა წლის ბოლოს ბიუჯეტში დარჩენილ აუთვისებელ თანხებს დახარჯავს, ამას შესაძლოა ლარის კურსის შემდგომი გაუფასურებაც მოჰყვეს.

კომენტარები