ადრეული ქორწინება

არასრულწლოვან ცოლთან სქესობრივი კავშირისთვის ბრალდებულს ბრალი მოუხსნეს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ მეუღლესთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებული ნადიმ პაქსაძე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

"მიუხედავად იმისა, რომ დადგინდა დანაშაულის ჩადენის ფაქტი ნ.პაქსაძის მხრიდან, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ გაითვალისწინა რა ის გარემოებები, რომ ნ.პაქსაძემ და მისმა მეუღლემ წლებია, რაც შექმნეს ოჯახი და ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი, ოჯახი ნ.პაქსაძის კმაყოფაზეა, ეს უკანასკნელი წარსულში ნასამართლევი არ არის და ხასიათდება დადებითად, მიიღო გადაწყვეტილება ნადიმ პაქსაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. საქართველოს პროკურატურა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და მსგავსი დანაშაულის პრევენციის მიზნით, მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს და მომავალშიც აპირებს ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას, ვინაიდან იდენტური დანაშაულებრივი ფაქტები მრავალად გვხვდება მაღალმთიან აჭარაში, რაც შეუტყობინებლობის გამო რეაგირების გარეშე რჩება", - აცხადებს პროკურატურა.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხში მცხოვრები ნადიმ პაქსაძის წინააღმდეგ, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით, გამოძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტმა 2015 წლის 18 ნოემბერს დაიწყო. გამოძიების საფუძველი იყო ხულოს სამოქალაქო რეესტრის მიერ გაგზავნილი მასალები შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. 19 წლის ნადიმ პაქსაძემ ცოლად 13 წლის გოგო სამი წლის წინ მოიყვანა. მათ უკვე ორი შვილი ჰყავთ.

კომენტარები