ფსიქიკური ჯანმრთელობა

საქართველოში ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მიმართ მიუღებლობის დონე მაღალია

ევროპის საბჭომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 1000 ადამიანი გამოიკითხა. შედეგად, გამოვლინდა, რომ ქვეყანაში ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მიმართ შიში და მიუღებლობა მნიშვნელოვნად მაღალია. ამის გამომწვევ მიზეზად ხსენებულ საკითხზე მოსახლეობის ინფორმირებულობის დაბალი დონე სახელდება.

„ეს კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების სამოქმედო სტრატეგიის შესამუშავებლად. კვლევა წარმოაჩენს, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების რაოდენობა მოსახლეობაში ძალიან ცოტაა. არსებობს ტენდენცია, რომლის მიხედვითაც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები დისკრიმინირებული არიან საზოგადოებაში. სწორედ ამ მიზეზით ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ კვლევის ჩატარება არის ის გზა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვეძლება სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება" - ამბობს ევროპის საბჭოს ხელმძღვანელი კრისტიან ურსე.

კვლევის შედეგები საფუძვლად დაედო სამოქმედო გეგმას, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს და რომლის მიზანიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მიმართ დამოკიდებულების შეცვლაა.

კვლევა ევროპის საბჭოს ექსპერტებმა, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში" ხელშეწყობით მოამზადეს.

კომენტარები