საყოველთაო ჯანდაცვა

სავალუტო ფონდი მთავრობისგან ჯანდაცვის ხარჯებზე მეთვალყურეობის ზრდას მოითხოვს

0 კომენტარი
ფოტო: Bloomberg

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა ოფიციალური მიმართვა გაავრცელა. გრიფიტსის ხელმძღვანელობით მისია საქართველოში 9-21 ნოემბრის შუალედში იმყოფებოდა, მათ პრეზიდენტთან, მთავრობის წევრებთან და ეროვნულ ბანკთან გამართული კონსულტაციების შემდეგ ანგარიში მოამზადეს. ანგარიშში მთავრობის ხარჯებზეც არის საუბარი. მისია მთავრობას ბიუჯეტის ხარჯებზე მონიტორინგის გაზრდის რეკომენდაციას აძლევს, რათა ბიუჯეტის დეფიციტი არ გაიზარდოს. 

"წელს საქართველოს მთავრობამ დაგეგმილზე მეტი დახარჯა, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების დაფინანსებას, მთავრობის მიერ სუბსიდიების გაცემას და ივნისის სტიქიის მძიმე შედეგების აღმოფხვრას მოხმარდა.   

3%-იანი საბიუჯეტო დეფიციტი, რომელიც წამოყენებულია ბიუჯეტის პროექტით 2016 წლისთვის ქვეყანას ინკლუზიურ ზრდასა და საგარეო ფაქტორების მიმართ სტაბილურობის შენარჩუნებაში უნდა დაეხმაროს. მთავრობა 2016 წელს სოციალური დაცვის ხარჯების გაზრდას გეგმავს, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებისა და პენსიების ზრდაში გამოიხატება. ჯანდაცვის ხარჯები 2015 წელს დაგეგმილთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო. მთავრობამ 2016 წელს საკუთარ ხარჯებს მონიტორინგი გაცილებით უფრო მაღალი სიზუსტით უნდა გაუწიოს. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ხარჯები სწორად გაანაწილოს, რათა გაზრდილი ხარჯები მთავრობამ დეფიციტებით არ დააფინანსოს", - წერია გრიფიტსის მიმართვაში.

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 2015 წლის ბიუჯეტის პირვანდელი გეგმით 470 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. ბიუჯეტის კორექტირებისა და ფაქტობრივი შესრულების ზრდის გამო პროგრამის ბიუჯეტი 566 მილიონამდე გაიზარდა, რაც პირვანდელ გეგმას 96 მილიონით აღემატება. წლის ბოლომდე ამ პროგრამისთვის სამინისტროს დასახარჯად დარჩენილი აქვს 30 მილიონი ლარის რესურსი, შესაბამისად, არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული პროგრამისთვის არც 566 მილიონი არის საკმარისი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები