თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან

ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობა დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

ჩინეთში მყოფმა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერა ურთიერთგანზრახვის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებები გაიმართება. ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს უკვე აქვს დაახლოებით რვაას მილიონიან ბაზართან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ჩინეთთან ამ ხელშეკრულების გაფორმებით კი ეს მოცულობა ორ მილიარდს გადააჭარბებს.

"ორივე მხარე მოწადინებულია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს აღნიშნული მოლაპარაკებები, რათა კერძო სექტორს მიეცეს ბიზნესისა და სავაჭრო ბრუნვის გაზრდის შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ 800 მილიონიან ბაზარზე გვაქვს პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები, ხოლო ჩინეთთან ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერის შემდეგ ეს უკვე იქნება სადღაც ორი მილიარდ ორასი მილიონის მოსახლეობაზე წვდომა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ტრადიციული დარგებიც კიდევ უფრო უკეთესად განვითარდება."- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ჩინურმა და ქართულმა მხარეებმა ამ შეთანხმების ეკონომიკური ეფექტების წინასწარი გაანგარიშება უკვე მოახდინეს. საქართველოსთვის თავისუფალი ვაჭრობის ეკონომიკური ეფექტის კვლევა კომპანია PMCG-იმ ჩაატარა. კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოს ექსპორტს ჩინეთში დაახლოებით 9%-ით გაზრდის, ჩინური იმპორტის მოცულობა კი დაახლოებით 2%-ით გაიზრდება. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 0.5%-ით შეამცირებს იმპორტთან დაკავშირებული საგადასახადო შემოსავლების ოდენობას.

ჩინეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ქვეყნებს შორის მთლიანი ბრუნვა წინა წელს $823 მილიონი იყო. ჩინეთიდან საქართველოში ძირითადად ფოლადის ნაწარმი, კომპიუტერები და მობილურები შემოდის. საქართველოდან ჩინეთში კი ძირითადად სპილენძის მადანი, ჯართი და ღვინო გადის. ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები მსოფლიოს 32 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული, მათ შორის: ჩილესთან, ახალ ზელანდიასთან, სინგაპურთან და პაკისტანთან. ამ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ ამ ქვეყნების ექსპორტი ჩინეთში მაღალი ტემპებით იზრდებოდა, რასაც ჩილესა და პერუს მაგალითებიც აჩვენებენ.

ეკონომიკის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია აბრეშუმის გზის ფონდში, ასევე იგეგმება ორმხრივი შეხვედრები ჩინეთის ბიზნეს სექტორთან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები