აქციზის ზრდა

პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელზე აქციზის ზრდის კანონპროექტი მიიღო

მიკაელა რელე / REUTERS

პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მას მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა.

დამტკიცებული კანონპროექტი 2016 წლის 1-ლი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს: ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით; სიგარებზე, ერთ ღერზე - 0.4 ლარით, სიგარილებზე 20 ღერზე - 0.5 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთის 5-დან 10 პროცენტამდე იზრდება.

გარდა ამისა, 2016 წლის 1-ლი იანვრიდან დაგეგმილია - ვისკიზე, რომსა და ტაფიაზე, ჯინისა და ღვინის ნაყენზე აქციზის განაკვეთის 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა, ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალ ალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთის - 10 ლარამდე გაზრდა. კანონპროექტის მიღება 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დაახლოებით 90 მლნ ლარით ზრდის. 

აქციზის გადასახადს სახელმწიფოები ძირითადად უარყოფითი გარეგანი ეფექტების მქონე პროდუქტებზე იღებენ, როგორიცაა: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო და სხვა. ამ გადასახადის მიზანს სწორედ მსგავსი პროდუქციის გაყიდვების შემცირება წარმოადგენს, რადგანაც მიჩნეულია, რომ თაბაქო და ალკოჰოლი ჯანმრთელობისთვის მავნებელია, მათზე აქციზის ზრდით კი მოსახლეობას ამ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა უმცირდება.

კომენტარები