ნანუაშვილი: ენმ-ის ოფისის დაცხრილვის ფაქტი სწრაფად და ეფექტურად გამოიძიეთ

radiotavisupleba.ge/

საქართველოს სახალხო დამცველი დედოფლისწყაროში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის დაცხრილვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ომბუდსმენი სამართალდამცველ ორგანოებს მოუწოდებს, ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე განხორციელებული ძალადობრივი ფაქტები სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ.

ომბუდსმენის აზრით, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე წლის ოქტომბერშიც განხორციელდა უკანონო ქმედებები, თუმცა, მისი თქმით, მსგავსი სიმძიმის ძალადობრივი ქმედება ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი მანამდეც მიუთითებდა შესაბამის ორგანოებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, სამართალდამცველმა ორგანოებმა არ გააჩინონ დაუსჯელობის განცდა, მათ დროული რეაგირება უნდა იქონიონ თითოეულ ასეთ ქმედებასთან დაკავშირებით და ამ სახით აღკვეთონ მათი სამომავლო განმეორების შესაძლებლობა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უჩა ნანუაშვილი, საკუთარი ინიციატივით, აპირებს თვალყური მიადევნოს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტურობას.

10 დეკემბერს დედოფლისწყაროში მდებარე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაცხრილეს. მასში დეპუტატ ზაზა კედელაშვილის ბიუროც არის განთავსებული. შენობას 30-მდე ტყვია აქვს მოხვედრილი. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები