პარლამენტმა 2016 წლის ბიუჯეტი 83 ხმით მიიღო

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს უყარა კენჭი. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ 10.14 მილიარდიან ბიუჯეტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ბიუჯეტის წინააღმდეგ 11 დეპუტატი წავიდა.

"პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა მთავრობას და დაამტკიცა მომავალი წლის ბიუჯეტი. ეს არის ბიუჯეტი, რომელმაც გადააჭარბა 10 მილიარდ ლარს და ამავე დროს არის ბიუჯეტი, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტებს. ეს არის მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, განათლებაზე ზრუნვა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ყველა ის პრიორიტეტი, რომელსაც ჩვენ მოსახლეობას დავპირდით 2012 წლის არჩევნებამდე, სრულდება ნაბიჯ-ნაბიჯ." ამბობს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

ბიუჯეტის მიხედვით საქართველოში არსებული 19 სამინისტროდან 18-ში დაფინანსება იზრდება. ერთადერთი უწყება რომელმაც ხარჯები 1 მილიონი ლარით შეკვეცა, ფინანსთა სამინისტროა. ბიუჯეტის პროექტით 60 მილიონით იზრდება ცენტრალური მთავრობის შრომის ანაზღაურება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, რომელიც აღნიშნავს, რომ პროექტით განსაზღვრული 3%-იანი ფისკალური დეფიციტი საერთაშორისო რეკომენდაციებით დადგენილი ნორმაა.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტით, მთავრობა უარს ამბობს ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებაზე - ის დაუბეგრავი მინიმუმის გაცემას აღარ აპირებს.

კომენტარები