ნედლეული

ნავთობის ფასები გასული ექვსი წლის მინიმუმამდე შემცირდა

Sofia Ordonez / CNN

ნავთობის ფასები 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა. 12 დეკემბრის მდგომარეობით, საერთაშორისო ბაზარზე ბარელი ნედლი ნავთობის ფიუჩერსები უკვე $37-ზე ნაკლებად ივაჭრება.

ნავთობის ფასების შემცირება მოპოვების ზრდას უკავშირდება. ყველა მთავარი მომპოვებელი OPEC, რუსეთი და აშშ ამ დროისთვის ყოველდღიურად მაქსიმალური ოდნებობის ნავთობს ქაჩავენ. ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს IEA-ს პროგნოზით მოპოვების ასეთი დონე წლის ბოლომდე შენარჩუნდება.

ნედლი ნავთობის ფასების ვარდნა ბაზრის ყველაზე დიდი მოთამაშის OPEC-ის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებას უკავშირდება. OPEC ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ორგანიზაციაა, რომელიც ნავთობის ბაზრის ერთ მესამედს აკონტროლებს. ორგანიზაციის ფაქტობრივი ხელმძღვანელი საუდის არაბეთია, რომელიც ორგანიზაციის სხვა წევრებთან შედარებით ნავთობს უფრო იაფად მოიპოვებს. OPEC-ის მოპოვება დღეში 30 მილიონი ბარელია აქედან 10 მილიონი საუდის არაბეთზე მოდის.

ნავთობის ფასის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი მსხვილი მწარმოებლების, როგორიცაა: OPEC-ი, აშშ და რუსეთი, დაპირისპირებაა უფრო დიდი საბაზრო წილის მოსაპოვებლად. ამ დროისთვის ყველაზე მეტ ნავთობს საუდის არაბეთი მოიპოვებს და მას საკუთარი ეკონომიკისთვის ნაკლებად მომგებიან ფასად ყიდის. ანალიტიკოსების შეფასებით, ამის მიზეზი პირველ რიგში ამერიკული ფიქლის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიის ჩაძირვაა, რადგანაც ამ მეთოდით ნავთობის მოპოვება აშშ-ში საშუალოდ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე იაფი არაბული ნავთობის მოპოვება. დაბალი ფასების პირობებში კი ინვესტორებს ფიქლის ნავთობისა და გაზის მოპოვების ინიციატივა შეუმცირდებათ და აშშ-ში მოპოვება შემცირდება, რასაც ნავთობის გაძვირება მოჰყვება.

რუსეთი OPEC-ის რამდენიმე წევრ ქვეყანასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რათა მათ 4 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე ნავთობის მოპოვების ზრდის წინააღმდეგ მიეცათ ხმა, თუმცა OPEC ხშირ შემთხვევაში საკუთარი წევრების შეხედულებებს არ იზიარებს.

რუსეთი ნავთობის დაბალი ფასებისთვის ემზადება. რუსეთის ფედერაციის საბიუჯეტო შემოსავლები ნავთობზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, რადგანაც უმსხვილესი ნავთობკომპანიები, როგორიცაა: RosneftGazpromTRANSNEFT, სახელმწიფოს საკუთრებაშია და მათი შემოსავლებით პირდაპირ ბიუჯეტის დაფინანსება ხდება.რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მაქსიმ ორეშკინმა დეკემბერში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა ვერ ხედავს იმის საფუძველს, რომ მომავალი წლის მანძილზე ნედლი ნავთობის ფასმა $40-ს გადააჭარბოს.

ნავთობის ფასებზე უარყოფითად ირანისთვის სანქციების შემსუბუქების მოლოდინიც მოქმედებს. ირანის ბირთვულ პროგრამაზე სანქციების შერბილების შემდეგ ქვეყანა მზად არის, რომ საკუთარი მოპოვება მნიშვნელოვნად გაზარდოს. იმისდა მიუხედავად, რომ ირანული ნავთობი მისი წარმოების ღირებულებით არაბულთან შედარებით უფრო ძვირადღირებულია, ქვეყანა მაინც მზად არის მისი გაყიდვებით საკუთარი საბაზრო წილი გაზარდოს.

ნავთობის ფასების შემცირება მხოლოდ გაზრდილ მოპოვებას არ უკავშირდება, ჩინური ბირჟების ვარდნის გამო გაჩნდა მოლოდინები, რომ ჩინური ბაზარი მომავალში უფრო ნაკლებ ნავთობს მოიხმარს. განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შენელდა, რაც ნედლეულის ფასებზე უარყოფითად აისახება.

ნავთობზე ფასების კლება მსოფლიოს 1 მილიარდი ავტომფლობელისთვის კარგი სიახლეა, უკვე შემცირებულია ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვები.

საქართველო ნედლი ნავთობის ფასზე პირდაპირ დამოკიდებული არ არის, რადგანაც ქვეყანაში მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ არსებობს, ამიტომაც მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებები ქართულ ბაზარზე დაახლოებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ აისახება.

კომენტარები