დრამატურგია

ნაბიჯი ევროპისკენ დრამატურგებისთვის

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მიერ და მასთან თანამშრომლობით განხორციელებული წლევანდელი ინიციატივებიდან გამორჩეული იყო „შემდეგი ნაბიჯი ევროპისკენ". აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ფარგლებში გამართულ ვორქშოფს გერმანელი დრამატურგი მარიო ზალაცარი უძღვებოდა.

საქართველოში საერთაშორისო პროექტები დრამატურგიის მიმართულებით იშვიათად ხორციელდება. გამოცდილების გაცვლისა და გაზიარების თვალსაზრისით ნაყოფიერი აღმოჩნდა სამდღიანი ვორქშოფი, რომელშიც ექვსი ქართველი დრამატურგი - ნინო სადღობელაშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ნინო სურამელაშვილი, ოთარ ქათამაძე, ალექს ჩიღვინაძე და დავით ხორბალაძე - ჩაერთო (მათი პიესებიდან ამოღებული სცენები გერმანულ ენაზე საგანგებოდ ითარგმნა).

გოეთეს ინსტიტუტისა და გრაფისა და ფრეის ლიტერატურული სააგენტოს ერთობლივ ინიციატივას მხარი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუჭირა. თბილისის შემდეგ ის კიევში, მინსკსა და კიშინიოვში გაგრძელდება.

„Next Stage Europe თემატურად და შინაარსობრივად დამოუკიდებელია. თუმცა, მეორეს მხრივ, შეიძლება განვიხილოთ მწერალთა ევროპული კონფერენციის ახალი გამოცემის შემადგენელ კომპონენტად. ასეთი კონფერენცია პირველად 2014 წელს მინისტრ შტაინმაიერის ინიციტიავით გაიმართა და 2016 წელს კვლავაც ჩატარდება ბერლინში „აღმოსავლეთის თეატრის" მხარდასაჭერად", - შევიტყვეთ გრაფისა და ფრეის ლიტერატურული სააგენტოს ხელმძღვანელისგან - ლავინია ფრეისგან. ის საქართველოს სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ესტუმრა და საკუთარი მოსაზრებები ვორქშოფისთვის შერჩეულ ქართველ დრამატურგებს გაუზიარა. მისი მთავარი შეკითხვა იყო: როგორ შეიძლება უპასუხოს ევროპამ გამოწვევას, რომელიც მის წინაშე აზიელი დევნილების მოზღვავებით დადგა;

ლავინია ფრეი
ფოტო: მერაბ ჭუმბურიძე
"ერთობლივ პროექტს შევაფასებ როგორც თანამშრომლობის ძალიან კარგ საშუალებას. ვორქშოფის ფარგლებში გერმანელ დრამატურგს საშუალება მიეცა, ემუშავა ქართველ ავტორებთან და მათთან ერთად ემსჯელა თანამედროვე დრამატურგიაზე. ლიტერატურული სააგენტოს როლს და მისიას რაც შეეხება, საქართველოში ჩამოვედი იმიტომ, რომ მომესმინა ქართველი დრამატურგებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხატვრული ღირებულებები, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში აქვთ და აწუხებთ ახალგაზრდებს. განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი ახალგაზრდების ხმა, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის იბრძვიან და განცალკევებით არ დგანან მოქალაქეებისგან" - ამბობს ლავინია ფრეი.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, არაერთ პროფესიულ შეკითხვასა და ამოცანაზე მოუხდათ დაფიქრება ქართველ დრამატურგებს. მათთვის შეთავაზებულმა სავარჯიშოებმა საბოლოოდ მაშინ გამოიღო შედეგი, როდესაც თითოეულმა მონაწილემ შეძლო წარმოედგინა სწორედ ვორქშოფის ფარგლებში დაწერილი სცენა ახალი პიესიდან.

როგორ შეაფასა სამდღიანი თანამშრომლობა მარიო ზალაცარიმ? უპირველესად ორიოდე სიტყვით მასზე: დაიბადა 1980 წელს ბერლინში. არის ბერლინის თავისუფალი და ჩილეს უნივერსიტეტების მაგისტრი, ლაიპციგის გერმანული ლიტერატურის ინსტიტუტის კურსდამთავრებული, ბადენ–ვიურტემბერგის კულტურისა და მეცნიერების სამინისტროს შილერის სახელობის ახალგაზრდა ხელოვანთა ხელშეწყობის პრემიის მფლობელი. იყო ვენის, ესენის, ჰაიდელბერგის, ბარსელონას თეატრალური სახელოსნოების, ბერლინის თეატრალური შეკრებების წევრი. მისი პიესებია: „Alles Gold was glänzt", „Die Welt mein Herz", „Am Leben werden wir nicht scheitern", „Annalea";

მარიო ზალაცარი
ფოტო: მერაბ ჭუმბურიძე
"ჩემთვის აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა რამდენიმე ნიშნით იყო მნიშვნელოვანი: უპირველესად იმით, რომ მომეცა შანსი, თავი დამეღწია იმ გარემოსა და სიტუაციისგან, სადაც სისტემატიურად მიწევს ცხოვრება და მუშაობა. ქართველ დრამატურგებთან თანამშრომლობა საინტერესო იყო პიესის წერის სტრუქტურის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, რამაც ასახვა შეიძლება ჰპოვოს ჩემს შემდგომ ნამუშევრებში. რაც მთავარია, არასოდეს ვყოფილვარ საქართველოში და მინდოდა, ეს ქვეყანა ოდესმე მაინც მენახა და შანსი გამოვიყენე. სიამოვნებით წავიდოდი ქართულ თეატრში, მაგრამ რადგან ამის შესაძლებლობა არ მაქვს, ქართველი ავტორების გაცნობა უკვე დიდი სიამოვნებაა. შესაძლოა, ყოველმა წუთმა ვერ გაამართლა მათი მოლოდინები, მაგრამ თუ რომელიმე მათგანს ერთხელ მაინც გაუჩნდა იმის განცდა, რომ აი, ახლა ვისმენ იმას, რაზეც აქამდე არასოდეს არ მიფიქრია, ამით ბედნიერი ვიქნებოდი. ქართველი დრამატურგების პიესების მხოლოდ ნაწყვეტები წავიკითხე, ამიტომაც ძალიან მცირე წარმოდგენა მაქვს პრობლემებზე, რომლებსაც თანამედროვე ქართველი ავტორები ამუშავებენ. თარგმანებიდან შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ისინი ბევრად პოლიტიზირებულნი არიან, ვიდრე გერმანელი ავტორების უმრავლესობა. მართლაც, ან დამთხვევაა, რომ ექვსივეს თემა პოლიტიკურია ან პოლიტიკა ნამდვილად წამყვანი თემაა ქართულ დრამატურგიაში. პირადად ჩემთვის, თემების მნიშვნელობასა და ღირებულებას ეპოქა და საუკუნე არ განსაზღვრავს. მართალია 30 წლის წინ, აღმოსავლეთ გერმანიაში რომ დამეწერა იმაზე, რაზეც ახლა ვწერ, ალბათ დამიჭერდნენ და ციხეში ჩამსვამდნენ. ამის მიუხედავად მგონია, რომ მაინც იმ თემებზე დავწერდი, რაზეც ახლა ვფიქრობ" - ამბობს მარიო ზალაცარი.

კითხვაზე, რა შეიძლება აფერხებდეს თანამედროვე ავტორს მისი შემოქმედებითი რეალიზებისთვის და როგორია მისეული წარმოდგენა მომავლის თეატრზე, მარიო ზალაცარი პასუხობს, რომ "ჩემთვის, როგორც დრამატურგისთვის, მნიშვნელოვანია, ჩემი პიესები დაიდგას. თუ არ დაიდგა, ეს დიდი დაბრკოლებაა. თუმცა, აღნიშნული პრობლემა ჩემს დღის წესრიგში არ დგას, რამდენადაც ვთანამშრომლობ გამომცემლობასთან და მისი დახმარებით ჩემი ყველა პიესა დადგმულია. ვერანაირ შეზღუდვას ვერ ვგრძნობ. თუ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ აი, ამ თემაზე ასეთი ამბავი უნდა დავწერო, ვასრულებ კიდეც. არ მაქვს იმის განცდა, რომ რაღაც დამემუქრება ან რაიმე საფრთხეს შემიქმნის. გერმანიაში საკმაოდ მრავალფეროვანი გზა გაიკვლია თეატრმა. სცენაზე მის ისტორიას დასაწყისიდან ბოლომდე ძალიან მრავალფეროვნად ყვებიან. არჩევანი მაყურებელზეა: სად წავა, რომელ თეატრზე შეაჩერებს ყურადღებას, რითი დაინტერესდება; საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, მაინც პუბლიკა წყვეტს რამდენად მრავალფეროვანი არის ან გახდება თეატრი. მაყურებელს რისი ნახვაც სურს, მას აუცილებლად ნახავს. პუბლიკა ყოველთვის იღებს იმას, რაც უნდა. ამ წუთას ყველა თეატრის მსახიობისთვის გერმანიაში მოიძებნება მაყურებელი. ისიც შემიძლია წარმოვიდგინო, რომ არსებული თეატრალური ფორმების უმრავლესობა შეიძლება გაქრეს და დარჩეს ერთი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თვითონაც ვწერ, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დრამა, როგორც ასეთი, რომელიც მოქმედ გმირებზე მოგვითხრობს, ამ ფორმით დარჩება, რადგან ადამიანებს სჭირდებათ ისტორიები. თეატრალურ ფორმათა მრავალფეროვნება კი იარსებებს მანამდე, სანამ საზოგადოება იქნება მრავალფეროვანი. საზოგადოება თუ ჰომოგენური და ერთპიროვნულია, ის, რასაკვირველია, ერთ, მისთვის სასურველ ფორმაზე გააკეთებს აქცენტს. ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ვორქშოფის მონაწილე თითოეულ ქართველ ავტორს მიეცემოდა ბერლინში ჩამოსვლისა და სხვადასხვა თეატრის რეპერტუარის გაცნობის შესაძლებლობა".

"გოეთეს ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებულ პროექტში მონაწილეობა ძალიან საინტერესო იყო. თუნდაც იმიტომ, რომ ვორქშოფის შედეგად დამრჩა ოთხგვერდიანი სცენა პიესისთვის, რომელზე მუშაობასაც აუცილებლად გავაგრძელებ. სამი დღის განმავლობაში ვასრულებდით სხვადასხვა დავალებებს, ვსაუბრობდით, გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ვწერდით ასოციაციებს სხვადასხვა მუსიკალურ კომპოზიციებზე, სიტყვებზე, წინადადებებზე, რომლებსაც მარიოსგან ვისმენდით და მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი დავალებისას დაწერილი ტექსტის მონაკვეთი გამოვიყენე პიესისთვის, რომლის წერაც სწორედ ვორქშოფის ფარგლებში დავიწყე. გარდა ამისა, პროექტში ჩართვა მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ მოვისმინე ჩემო კოლეგების მოსაზრებები, ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება და შეფასებები, რისი საშუალებაც იშვიათად გვეძლევა. ყველა ტექსტი, რომლებიც ახალი პიესებისთვის სწორედ ამ ვორქშოფის ფარგლებში შეიქმნა, ვფიქრობ საინტერესო პიესებად გადაიქცევა" - აფასებს ვორქშოფს დრამატურგი, პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ნანუკა სეფაშვილი.

კომენტარები