უკრაინა

უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა ავეჯის ბიზნესზე უარი თქვა

კომოდი ლუი XIV-ის ეპოქის სტილში
Getty Images

უკრაინის ცენტრალური ბანკის აქტივების აღრიცხვის დროს გამოვლინდა, რომ ბანკს ეკუთვნოდა ავეჯის საწარმო, სადაც 65 ადამიანი მუშაობდა და რომლის შენახვაც ბიუჯეტს წელიწადში $260 ათასი უჯდებოდა. ბანკის პრეზიდენტმა საწარმოს ლიკვიდაციას ხელი უკვე მოაწერა. 

ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში ბანკმა მრავალი არაპროფილური აქტივი შეიძინა, მისი ბიუროკრატიული ხარჯები კი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბანკის პრეზიდენტმა ვალერია გონტარევამ გასული 18 თვის მანძილზე ცენტრალური ბანკის შტატი 12 000 თანამშრომლით შეამცირა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინის საჯარო სექტორში 335,000 მოხელე არის დასაქმებული, რაც პოლონეთის ბიუროკრატიული აპარატის ზომას სამჯერ აღემატება. ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 47%-ს აღწევდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დახარჯული ყოველი 10 გრივნიდან თითქმის 5 გრივნის მხარჯველი სახელმწიფო იყო. უკრაინის ახალი მთავრობა ამ მაჩვენებლის შემცირებას გეგმავს, თუმცა ეს რთული პროცესია, რადგანაც ის ათობით ათასი არასაჭირო სამუშაო ადგილის გაუქმებასა და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას მოითხოვს, რაც პოლიტიკურად საკმაოდ არაპოპულარული გადაწყვეტილებაა. უკრაინის მთავრობის ხარჯები 2016 წელს მშპ-სთან მიმართებით 41% იქნება. 

სამუშაო ადგილების გაუქმება უკრაინას კორუფციასთან ბრძოლაშიც ეხმარება. ქვეყნის შემოსავლების სამსახურის ახალმა უფროსმა რომან ნასიროვმა, კორუფციის შემცირების მიზნით, ბიუჯეტის უცვლელად გააუქმა 17 000-ზე მეტი მებაჟის შტატი, დანარჩენ დასაქმებულებს კი ამ ეკონომიის ხარჯზე ანაზღაურება გაუზარდა, რათა მათ $100-ზე მაღალი ხელფასი აეღოთ. საჯარო სექტორში არსებული მიზერული ხელფასი კორუფციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. 

კომენტარები