არასრულწლოვანთა ქორწინება

პარლამენტმა არასრულწლოვანთა ქორწინების რეგისტრაციის შეზღუდვაზე კანონი მიიღო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა არასრულწლოვანთა ქორწინების რეგისტრაციის შეზღუდვის შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამარ კორძაია ავრცელებს. 77 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

ცვლილების თანახმად, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით და ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორსაც წარმოადგენს ორსულობა და ბავშვის დაბადება. განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტის მიზანია, საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე ხელი შეეწყოს 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვან პირთა არასასურველ და იძულებით ქორწინებათა პრევენციას, რასაც ხშირად ადგილი აქვს მშობლების მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

"ადრეულ ასაკში ქორწინება საქართველოში კვლავ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს და განსაკუთრებით შემაშფოთებელია მშობელთა მხრიდან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების იძულებითი ქორწინების შემთხვევები", - ნათქვამია განმარტებით ბარათში. 

სახალხო დამცველის მომზადებული კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტში. ასევე, ხდება იმ საფუძვლის დაკონკრეტება, რა შემთხვევაშიც სასამართლოს ექნება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია.

"შესაბამისად, 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირებთან მიმართებით მშობლებსა და მზრუნველებს აღარ ექნებათ ქორწინებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება. ამავდროულად, ცვლილებით კონკრეტდება 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირთა ქორწინების მიზეზი და
ერთადერთ პატივსადებ საფუძვლად განისაზღვრება გოგონების შემთხვევაში ორსულობა, ხოლო ბიჭების შემთხვევაში ბავშვის დაბადება", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, "გამონაკლის შემთხვევებში თექვსმეტი წლის ასაკიდან დაქორწინება დაიშვება მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების წინასწარი წერილობითი თანხმობით", რაც იცვლება შემდეგნაირად - "16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება სასამართლოს თანხმობით ისეთი პატივსადები მიზეზის არსებობისას, როგორსაც წარმოადგენს ორსულობა და ბავშვის დაბადება".

კომენტარები