საქართველო-რუსეთი

პუტინი: მზად ვართ, საქართველოს სავიზო რეჟიმი მოვუხსნათ

ვლადიმირ პუტინი
newsweek

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვაზე, პუტინმა 2008 წლის ომი გაიხსენა და განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუარესება მოსკოვის ბრალი არ არის. ამას გარდა, მან მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნასა და ოკუპირებულ რეგიონებზეც ილაპარაკა. მისი თქმით, სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნა უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხება იყო.

"ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვართ სიტუაციის გაუარესების მიზეზი. ყოფილ ხელისუფლებას და ექსპრეზიდენტ სააკაშვილს არ უნდა მიეღოთ ის ავანტიურისტული გადაწყვეტილებები, რომელმაც ქვეყანა ტერიტორიულ დანაწევრებამდე მიიყვანა. ეს არის მათი ბრალი. ახლა კი ისინი პოლიტიკოსების ექსპორტით დაკავდნენ. აქტიურად განაგრძობენ მუშაობას უკრაინაში, თუმცა არ შეუცვლიათ მუშაობის სტილი. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ, ჩემი აზრით, ეს იყო უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხება. რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, პირველ რიგში, ეს ქართველების, ოსებისა და აფხაზების საქმეა. სწორედ მათთან მუშაობაა საჭირო. ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას მივიღებთ. სირთულეების მიუხედავად, ვხედავთ მოქმედი ხელისუფლების მხრიდან სიგნალებს. გაიზარდა ჩვენ შორის სავაჭრო ბრუნვა. ამას გარდა, მზად ვართ გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი", - განაცხადა პუტინმა.

კომენტარები