რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

პრემიერი: პუტინის განცხადება უვიზო რეჟიმზე სწორი ნაბიჯია

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, "რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების თაობაზე, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია". პრემიერი აღნიშნავს, რომ "ჩვენი ხელისუფლების გააზრებულ საგარეო პოლიტიკას სერიოზული ხელშესახები შედეგები მოაქვს".

"მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2011 წელს გააუქმა სავიზო მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეებისათვის. მიმდინარე წელს ჩვენ კიდევ უფრო გავახანგრძლივეთ საქართველოში მათი შესაძლო ყოფნის პერიოდი, რადგან დაინტერესებული ვართ, რომ საქართველოს მეტი ტურისტი ეწვიოს რუსეთიდან და შეძლებისდაგვარად გამარტივდეს ადამიანებს შორის კონტაქტები. გასათვალისწინებელია რუსეთში მცხოვრები ჩვენი მრავალრიცხოვანი თანამემამულეების, ასევე ქართველი ბიზნესმენების და რიგითი მოქალაქეების ინტერესი სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. მათი სურვილია, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა მინიმალური სირთულეებით ხორციელდებოდეს.

მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრინციპული ხასიათის უთანხმოებებისა, მათ შორის, 2008 წლის ომის გამომწვევ მიზეზებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ვაჭრობის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში გარკვეული ნაბიჯები გადაგვედგა. მზად ვართ გავაგრძელოთ არჩეული პრაგმატული კურსი რუსეთთან მიმართებაში და რუსეთის მხრიდანაც ველით ანალოგიურ მიდგომას.

უახლოეს დღეებში ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იქნება. ზოგადად, ჩვენი მთავრობის პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ მსოფლიოში თავისუფალი გადაადგილების მაქსიმალური საშუალება.

ჩვენი ხელისუფლების გააზრებულ საგარეო პოლიტიკას სერიოზული ხელშესახები შედეგები მოაქვს. სწორედ ასე აღიქვამენ ამას როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე დასავლელი პარტნიორები", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვაზე, პუტინმა 2008 წლის ომი გაიხსენა და განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუარესება მოსკოვის ბრალი არ არის.

კომენტარები