ტრანსპორტი

საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 15%-ით შემცირდა

Getty

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის პირველი 10 თვის მონაცემებით საქართველოს რკინიგზამ 11.8 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წელთან შედარებით 15%-ით ნაკლებია. საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვის მაჩვენებლები 2012 წლიდან კლებულობს.

2011 წლიდან მოყოლებული, რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა ასე გამოიყურება:

  • 2011 წელი - 16.8 მილიონი ტონა
  • 2012 წელი - 16.8 მილიონი ტონა
  • 2013 წელი - 15.1 მილიონი ტონა
  • 2014 წელი - 13.8 მილიონი ტონა
  • 2015 წელი - 11.8 მილიონი ტონა

ტვირთბრუნვის შემცირების გამო რკინიგზამ გადაზიდვების გაიაფების გადაწყვეტილება მიიღო. პირველი ივლისიდან ყველა საექსპორტო საქონლის გადაზიდვის ღირებულება 20%-ით შემცირდა.

საქართველოს მთავრობა სარკინიგზო გადაზიდვების ზრდას 2016 წლიდან ელოდება, როდესაც ახალი აბრეშუმის გზის მარშრუტი ძალაში შევა. პროექტის მიხედვით, ჩინური სახმელეთო ტვირთები რუსეთის გვერდის ავლით, უფრო მოკლე მარშრუტით, ყაზახეთის, კასპიის ზღვის (ბორნით), აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპულ ბაზარზე მოხვდება. სავარაუდოდ, 2016 წელს დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც, რაც საქართველოს ტვირთბრუნვას კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

უცნობია, თუ როდის გადააჭარბებს ტვირთბრუნვის მოცულობა 2011 წლის მაჩვენებელს. 

რკინიგზის 100%-იანი წილი საქართველოს საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის. რკინიგზა გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან ერთად ფონდის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს აგენერირებს.

კომენტარები