სოფლის მეურნეობა

მთავრობა დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების მითვისებას გეგმავს

REUTERS

სახელმწიფო დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების მის ბალანსზე გადატანას გეგმავს. საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტში უკვე შესულია; საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტით, უძრავ ქონებაზე თუკი არ არსებობს საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის შესახებ ჩანაწერი, აღნიშნული ქონება ავტომატურად ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება ხდება. მთავრობა პარლამენტისგან ამ ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს. როგორც კანონის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, კანონპროექტთან დაკავშირებით არ არსებობს ექსპერტის შეფასება. 

"უძრავ ნივთზე, რომელზეც საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით არ დასტურდება სხვა პირის საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის უფლების არსებობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) მიმართვის საფუძველზე რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრების უფლება", - წერია კანონპროექტის პირველ მუხლში.

მიწის ნაკვეთებზე რომლებზეც საკუთრება ვერ დგინდება, მთავრობა გასხვისებაზე ერთწლიან აკრძალვას აწესებს. სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ მიწაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმება შესაძლებელია დაინტერესებული პირის განცხადებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე. ეს კი ნიშნავს, რომ თუკი ერთი წლის მანძილზე შეძლებენ ფაქტობრივი მესაკუთრეები საკუთრების დოკუმენტაციის გაფორმებას, სახელმწიფოს მიწის უკან დაბრუნება შეეძლება.  

მთავრობის მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაუვლია კონსულტაციები ექსპერტებთან და არ არსებობს შესაბამისი ექსპერტების დასკვნა კანონის ეკონომიკურ შედეგებთან დაკავშირებით.

"ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში - ასეთი არ არსებობს", - წერია განმარტებით ბარათში. 

კანონპროექტის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. 

კომენტარები