სოფლის მეურნეობა

ხორგუაშვილი: ვინც ახალი რეგულაციის შესახებ ვერ გაიგებს, ქონებას დაკარგავს

ზვიად ხორგუაშვილი
თეორემა/ტაბულა

ეკონომისტ ზვიად ხორგუაშვილის შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლას ითვალისწინებს, უამრავი ადამიანის კერძო საკუთრების დაკარგვას გამოიწვევს. პროექტის მიხედვით, თუკი მიწის ფაქტობრივი მფლობელი ამ მიწის საკუთრებაზე ვერ წარადგენს დოკუმენტაციას, მთავრობა ამ მიწას ქონების მართვის სააგენტოს ბალანსზე გადაიტანს. 

"ეს ინიციატივა კერძო საკუთრების უფლების უხეში დარღვევა. ეს არის თანამედროვე კომუნისტური ხუთწლედის ნაირსახეობა. უამრავ ადამიანს წარმოეშვება მრავალი ტრანზაქციული ხარჯი. მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ გაიგებს ამ კანონის შესახებ და დაკარგავს კერძო საკუთრებას. თანაც სახელმწიფოსთან მოუწევს დავა, რასაც აუცილებლად წააგებს. უამრავი ადამიანი, ვინც გაიგებს, მათ წარმოეშვებათ ფულადი და არაფულადი დანახარჯები დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. ასევე, არის მიწები, რომლებიც საერთო საკუთრებაში აქვთ სხვადასხვა ადამიანებს. მათ მოუწევთ დამატებით რისკზე წასვლა ან იურიდიული ექსპერტების დაქირავება, რომ ისე დაარეგისტრირონ მიწა, რომ მათ ინტერესებთან თანხვედრაში იყოს", - ამბობს ხორგუაშვილი. 

მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტის ავტორებს ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტებთან კონსულტაციები არ გაუვლიათ. ასევე არ არსებობს შესაბამისი ექსპერტების დასკვნა კანონის ეკონომიკურ შედეგებთან დაკავშირებით.

"ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში - ასეთი არ არსებობს", - წერია განმარტებით ბარათში. 

კომენტარები