ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრის საგანგებო ბრიფინგი 20:00 საათზე გაიმართება

პრემიერი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო ბრიფინგი რამდენიმე საათით გადაიდო. ის დღეს, 20:00 საათზე მთავრობის კანცელარიაში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, რა თემასთან დაკავშირებით მართავს ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო ბრიფინგს. თუმცა, დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერმინისტრი გადადგომას აპირებს. მედიაში გავრცელებული ცნობითვე, ირაკლი ღარიბაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეცვლის.

თუ ირაკლი ღარიბაშვილი გადადგება, საქართველოს მთავრობა მოვალეობის შემსრულებელი გახდება. პრემიერის გადადგომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ შვიდი დღის ვადაში უნდა დაასახელოს პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი. ახალი კანდიდატი წარადგენს მთავრობის ახალ შემადგენლობასა და პროგრამას. ამის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენენ პრემიერმინისტრობის კანდიდატურას, ხოლო პრეზიდენტი 7 დღის ვადაში წარუდგენს საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატურებს, რის შემდეგაც პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადოს.

კომენტარები