ლუკოილი

Lukoil-ი ბალტიისპირეთის ქვეყნების ბაზრიდან გადის

slon.ru

რუსულმა ნავთობკომპანია ლუკოილმა ბალტიისპირული ქვეყნების, კერძოდ კი ლატვიისა და ლიტვის ბაზრის დატოვება გადაწყვიტა. ბაზრის დატოვების მიზეზი რუსეთის მიმართ ამ ქვეყნებში დამოკიდებულების გაუარესებაა. ლუკოილმა გაყიდვების შემცირების გამო უკვე დატოვა ესტონური ბაზარი. 

ლუკოილის გენერალურმა დირექტორმა ვაგით ალეკპეროვმა სახელმწიფო მაუწყებლის Rossiya 24-ის ეთერში განაცხადა, რომ ბაზრიდან გასვლის ერთადერთი მიზეზი ანტირუსული განწყობებია, რომლებიც აშკარად შეიმჩნევა ამ ქვეყნებში და რაც 2015 წლის ზაფხულში უკვე გახდა ესტონური ბაზრის დატოვების მთავარი მიზეზი. 

ვაგით ალეკპეროვის თქმით, ბაზრის დატოვება არ არის პოლიტიკური ნაბიჯი. მისივე თქმით, კომპანია დამოუკიდებელია საკუთარ ქმედებებში და მთავრობისგან სხვადასხვა ბაზრის დატოვების მითითებებს არ იღებს.

ლუკოილი სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft-ის შემდეგ რუსეთის მეორე უმსხვილესი ნავთობკომპანიაა. გასულ წელს მისმა ბრუნვამ $144 მილიარდი შეადგინა, წმინდა მოგება კი $8 მილიარდი იყო. კომპანია ესტონური ბაზრის დატოვების შემდეგ მსოფლიოს 39 ქვეყანაში ოპერირებს, ბალტიისპირული აქტივების სრულად გაყიდვის შემდეგ კი 37 ქვეყანაში გააგრძელებს ოპერირებას. 

კომენტარები