ტურისტები საქართველოში

არდადეგების გასატარებლად ემირატებიდან ჩამოსული ოჯახი აეროპორტიდან გააბრუნეს

Gulfnews

არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში ჩამოსული ოჯახი 18 დეკემბერს აეროპორტიდან გააბრუნეს. დუბაის ერთ-ერთ ბანკში მომუშავე ემირატების მოქალაქე ფაიზან ჰასანი, მისი ცოლი და ორი შვილი საქართველოში ზამთრის არდადეგების გატარებას გეგმავდნენ. თუმცა, მათ საპასპორტო კონტროლი ვერ გაიარეს. ჰასანის თქმით, საზღვარზე მას უხეშად მოექცნენ და არც ახსნა-განმარტება მისცეს. როგორც ფაიზან ჰასანი ამბობს, არდადეგებისთვის გაწეული ხარჯი - $3250 "დაეკარგა". ამის შესახებ Gulfnews წერს.

"არ ვარ გაბრაზებული იმაზე, რომ უარი მითხრეს. ეს საქართველოს ხელისუფლების უფლებაა. მაბრაზებს, რომ მე და ჩემი ოჯახი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამოგვიშვეს. საპასპორტო კონტროლზე უხეშად მიგვითითეს, რომ ბოლო ფანჯარასთან მივსულიყავით. იქ კი გვითხრეს, რომ მოსაცდელში გადავსულიყავით. ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, ჩემი ოჯახი და კიდევ ორი ოჯახი პაკისტანიდან და სირიიდან სატრანზიტო ზონაში გაგვიყვანეს. ვიკითხე მიზეზი და თქვეს - "ეს საქართველოს ხელისუფლების ბრძანებაა. თქვენ არ აკმაყოფილებთ საჭირო მოთხოვნებს". მოვითხოვე ეს კრიტერიუმები, მათ კი პოლიციას დაუძახეს. თავი კრიმინალები გვეგონა. შვილებმა დაიწყეს ტირილი. მათ კი გვითხრეს, რომ ნუ ვქმნიდით დრამას, თუ თვითმფრინავში არ ავიდოდით, პოლიცია სპეციალურ ოთახში წაგვიყვანდა და მოგვიწევდა, მომდევნო რეისს დავლოდებოდით. საბოლოოდ, დაგვაბრუნეს დუბაიში", - ამბობს ჰასანი.

ფაიზან ჰასანის თქმით, აეროპორტში უთხრეს, რომ შესაძლოა, მის ოჯახს რომელიმე დოკუმენტთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა, "მაგრამ არავინ მოითხოვა ჩვენი დოკუმენტები, არც კი გვქონია შანსი, გვეჩვენებინა დოკუმენტები, პასპორტის გარდა. არ უნახავთ არც თვითმფრინავის ბილეთი, არც სასტუმროს ჯავშანი, არც დაზღვევა, არც ფინანსური დოკუმენტები და არც სამსახურის ცნობა", - ამბობს ის.

ჰასანის თქმით, მან საჩივარი მისწერა ქუვეითში საქართველოს საელჩოს, რადგან საქართველოს ვიზებს ემირატების მოქალაქეებისთვის სწორედ ის გასცემს, თუმცა, მათგან პასუხი არ მიუღია.

როგორც Gulfnews წერს, ეს სულ მცირე მეორე შემთხვევაა ბოლო თვეების მანძილზე, როდესაც არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქე თბილისიდან გააბრუნეს.

კომენტარები