სახელმწიფო შესყიდვები

ბათუმის ავტოტრანსპორტი Gazprom-ის პროდუქციას შეიძენს

gazprom-neft.ru

ბათუმის ავტოტრანსპორტი 31 დეკემბრამდე 92 ათას ლარად ღირებულ Gazprom-ის პროდუქციას შეიძენს. სახელმწიფო კომპანია ბათუმის ავტოტრანსპორტმა საპოხ მასალებზე ტენდერი 10 დეკემბერს გამოაცხადა, ტენდერში კომპანია "ემ-ენ ჯორჯიამ" გაიმარჯვა, რომელიც მერიას Gazprom-ის წარმოებულ საპოხ მასალებს მიაწვდის, ამის შესახებ ინფორმაციას, ბათუმელები ავრცელებს.

ტენდერში სამი კომპანია იღებდა მონაწილეობას,  მათ შორის ყველაზე დაბალი ფასის განაცხადი კომპანია "ემ-ენ ჯორჯიამ" წარადგინა.

სატენდერო დოკუმენტაცია
ფოტო: batumelebi.netgazeti.ge

რეესტრის ინფორმაციით, "ემ-ენ ჯორჯია“-ს წილის 100%-ის მფლობელი  23 დეკემბრამდე სააქციო საზოგადოება "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ იყო, საჯარო რეესტრის 23 დეკემბრის ამონაწერით კი კომპანიის მესაკუთრეა შპს "ვისოლ ავტო ექსპრესი“, რომელმაც "ემ-ენ ჯორჯია“-ს წილის 100% "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასგან“ 1 მილიონ 187 ათას ლარად შეისყიდა. მეორე დღესვე, შპს "ემ-ენ ჯორჯია“ შეერწყა "ვისოლ ავტო ექსპრესს“, რომლის მესაკუთრეც ასევე "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

კომპანიათა შეწყმის შედეგად "ემ-ენ ჯორჯია" აღარ არსებობს, ბათუმის ავტოტრანსპორტს კი საპოხ მასალებს "ვისოლ ავტო ექსპრესი" მიაწვდის.

კომენტარები