ახალი მთავრობა

პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე ხვალ იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმცირესობამ და ფრაქცია თავისუფალმა დემოკრატებმა დღევანდელი განხილვების დროს თავიანთი დამოკიდებულება გააცხადეს - ისინი მთავრობას და მათ მიერ წარმოდგენილ პროგრამას მხარს არ უჭერენ.

"ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის წარმოდგენილი შემადგენლობისადმი. ეს არის შედეგები, რომელიც დღევანდელი განხილვების შედეგად მივიღეთ. რეგლამენტის შესაბამისად, ამ შედეგებს როგორც ბიუროს დასკვნას, ვამცნობთ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას. ამით, მზად ვართ გადავიდეთ საპარლამენტო განხილვების დასკვნით ეტაპზე. ხვალ, პლენარული სხდომის რეჟიმში მოვისმენთ მთავრობის პროგრამას და მივიღებთ გადაწყვეტილებას მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების თაობაზე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის სხდომა ხვალ, 12 საათზე დაიწყება. საკითხის განხილვის შემდეგ რიგგარეშე სესია ჰიმნით დაიხურება.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დაასახელა, მან კი, პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა. მინისტრობის ერთადერთი ახალი კანდიდატი მიხეილ ჯანელიძეა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე არის წარდგენილი.

კომენტარები