ახალი მთავრობა

გირჩი: მთავრობის დამტკიცებაზე საპარლამენტო განხილვები შინაარსს მოკლებულია

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის ძველი შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის უცვლელად წარდგენა შეცდომაა. გირჩის შეფასებით, შესაბამისად, ამ პირობებში საპარლამენტო განხილვები რეალურ შინაარსს მოკლებულია. ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლები სამთავრობო პროგრამას და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ. ამასთან, გირჩი მიესალმება პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამოთქმულ მზაობას, ითანამშრომლოს პოლიტიკურ ოპოზიციასთან. 

"ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს, რომელიც სამთავრობო პროგრამის განხილვას უკავშირდება. პრემიერმინისტრობის კანდიდატმა პარლამენტს განსახილველად წარუდგინა მინისტრთა კაბინეტის ძველი შემადგენლობა, რაც, ჩვენი აზრით, შეცდომაა და არ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ მოთხოვნას ცვლილებებზე. ასევე შეცდომაა, სამთავრობო პროგრამის, რეალურად, უცვლელი სახით წარმოდგენა. შესაბამისად, ამ პირობებში საპარლამენტო განხილვები რეალურ შინაარსს მოკლებულია და ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები სამთავრობო პროგრამას და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მხარს არ ვუჭერთ. მიუხედავად ამისა, მივესალმებით პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამოთქმულ მზაობას, ითანამშრომლოს პოლიტიკურ ოპოზიციასთან, ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაციის, გადასახადების დაწევისა თუ სხვა ეკონომიკურ საკითხებზე. გიორგი კვირიკაშვილის პრემიერმინისტრად არჩევის შემთხვევაში, მზად ვართ, პოსტზე მისი კანდიდატურის დამტკიცებიდან უახლოეს დღეებში, ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ მას და გავაცნოთ ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის ჩვენ მიერ შემუშავებული დეტალური გეგმა" - აცხადებს გირჩი.

კომენტარები