დაკარგული მოლაშქრეები

დაკარგული 3 მამაკაცის ძებნაში, უამინდობის გამო, ტექნიკა ჯერ არ არის ჩართული

თოვლი საირმეში
facebook.com/SairmeResort

ლაგოდეხის მთებში დაკარგული სამი მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. როგორც გამგებელი, კახა ჯამბურია რუსთავი 2-თან აღნიშნავს, სამძებრო სამუშაოებს ხელს დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობები უშლის. მისივე ინფორმაციით, მაშველები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილ ვერტმფრენს ელოდებიან.

„დაახლოებით მეშვიდე დღეა, რაც წასულები არიან მთაში და იქიდან ერთი ჩამოვიდა ახალსოფელში. ამაზე ინფორმაცია ჩვენ გავიგეთ პირველ იანვარს საღამოს. როგორც კი გავიგეთ, სამაშველო სამსახურმა დაიწყო მოქმედება, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან დიდი თოვლია მთაში. ახლა სოფლიდან არის გასული დაახლოებით 30 ადამიანი, რომლებიც ნახევარ გზაზე ავიდნენ უკვე, მეტრნახევარზე დიდი თოვლია და იკვლევენ გზას. პარალელურად, მაშველები არიან უკვე მთაში ასულები და ელოდებიან ვერტმფრენს. ახლა გამოიდარა და დაახლოებით ერთ საათში, საათნახევარში ვერტმფრენის საშუალებით ეცდებიან მოძებნონ დაკარგულები“ - აცხადებს კახა ჯამბურია.

4 მამაკაცი მდინარე კაბლის-ხევის ტერიტორიაზე სალაშქროდ წავიდა. ერთმა დიდთოვლობისა და ქარბუქისგან თავის დაღწევა შეძლო. სამთან დაკავშირება კი ვერ ხერხდება. ცნობილია, რომ მთაში დარჩენილებს არ აქვთ საკმარისი საკვები და შესაბამისი აღჭურვილობა.

კომენტარები