სამომხმარებლო ბაზარი

დეკემბერში ჯანდაცვის ღირებულება წინა წელთან შედარებით 10.5%-ით გაიზარდა

panoramio.com

საქსტატის მონაცემებით 2015 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ჯანდაცვის ღირებულება 10.5%-ით გაიზარდა. 24%-ით არის გაძვირებული სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ფასები. ჯანდაცვის სექტორში ფასების ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებულ ფენაზე - სოციალურად დაუცველებზე უარყოფითად აისახება. 

დეკემბერში სამომხმარებლო კალათის ღირებულება 4.9%-ით გაიზარდა.

2014 წელთან შედარებით, ჯანდაცვასთან ერთად ფასები გაზრდილია ისეთ სექტორებში, როგორიცაა: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (3.8%), ალკოჰოლური სასმელები თამბაქო (11%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8.3%). ზოგიერთ სექტორში ფასების შემცირებაც დაფიქსირდა, მათ შორისაა ტრანსპორტიც, სადაც საწვავის შემცირების გამო ფასები 4.2%-ით შემცირდა.

ინფლაცია 2015 წელს იზრდებოდა

ინფლაცია წლის მანძილზე მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა: 2015 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 2% იყო, მეორე კვარტალში 3%-იან ნიშნულს გადააჭარბა, მესამე კვარტალში 5% გახდა, მეოთხე კვარტლის პირველი თვის - ოქტომბრის ინფლაციამ 5%-იან სამიზნე მაჩვენებელს 0.8%-ით, ნოემბერში კი 1.8%-ით გადააჭარბა, დეკემბერში კი ის სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდა.


ფოტო: საქსტატი

კომენტარები