რეკლამა

8 იანვარს, კლუბ Elektrowerk-ში dOP-ი დაუკრავს

GemFest

8 იანვარს Gem Fest წარმოგიდგენთ ფრანგულ მუსიკალურ პროექტს dOP-ს, რომელიც თავისი საფირმო ლაივ შოუთი წარსდგება მსმენელის წინაშე. ღონისძიება კლუბ Elektrowerk-ში გაიმართება. dOP-ის გარდა, დაუკრავენ ქართველი არტისტები - Nakashidze და Cobert. აღსანიშნავია, რომ Gem Fest-მა საზაფხულო თარიღები უკვე დაასახელა და მალე ცნობილი გახდება ის line up-ი, რომელიც 11-14 აგვისტოს ფარგლებში დაუკრავს ანაკლიაში.

"Electronic house with vocals" - სწორედ ასეთი მუსიკალური ორიენტაციით ხასიათდება პროექტი, რომელიც სამმა ფრანგმა მეგობარმა წლების წინ შექმნა. Clement Zemstov, Damien Vandesande და Jonathan Illel ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ და მათ ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდში დაიწყეს პირველი მუსიკალური ექსპერიმენტები.

„მაშინ ჯერ კიდევ 13 წლის ვიყავით, როდესაც ჩვენი საყვარელი კომპოზიციების ქავერებს ვაკეთებდით. აქ იყო ყველაფერი დაწყებული Led Zeppelin და Metallica-თი, დასრულებული Herbie Hancock-ით.. Jo მღეროდა, Clement დრამზე უკრავდა, მე კი საქსოფონზე." – Damien-სთვის და მისი მეგობრებსთვის ეს პროექტი თავიდან სულ სხვა მუსიკისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა თანდათან მიხვდნენ, რომ საცეკვაო კომპონენტების გათვალისწინებით dOP ბევრად უფრო საინტერესო პროექტი გახდებოდა. ამ იდეის განვითარებაში კი მათ დაეხმარათ Circus Company, ლეიბლი, რომელთანაც დღემდე ასოცირდება dOP.

2006 წლის შემდეგ პროექტ Noze-ს წევრი Nico მათი მთავარი დასაყრდენი გახდა და როგორც dOP-ის წევრები იხსენებენ, სწორედ Nico-მ შეიყვანა ისინი „ტექნოს და ჰაუსის სამყაროში". ფრანგული სცენის გარდა, ჯგუფის მუსიკალურ პრიორიტეტებში მნიშვნელოვანი გახდა ბრაზილიური და აფრიკული მუსიკის როლი, რომლის გავლენაც მნიშვნელოვნად შეიმჩნევა dOP-ის დისკოგრაფიაში. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ჯგუფის ლაივ კონცეფცია ვითარდებოდა, ისინი თვლიან, რომ dOP არის და ყოველთვის იქნება ლაივ ბენდი, და მნიშვნელობა არ აქვს, რა დოზით იქნება გამოყენებული ელექტრონული ინსტრუმენტები დაკვრისას.

„ხშირად ლაივის დაწყების წინ ვწყვეტთ თუ რომელი ტრეკით დავიწყოთ ჩვენი შოუ. სპონტანურობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხნით ვუკრავთ ან სად, ყოველთვის ვცდილობთ ერთნაირად ვისიამოვნოთ პროცესით და დავიჭიროთ ის მუხტი, რაც მსმენელს სჭირდება"- Damien-სთვის dOP-ის იდეა მარტივად ითარგმენბა როგორც The Rolling Stones ფრანგული ტემპერამენტით.

წლების წინ გამოსული სადებიუტო ალბომის შემდეგ, dOP ძირითადად ცალკეულ EP-ებს და ტრეკებს გამოსცემდა, თუმცა მომდევნო ალბომზე მუშაობა 2015 წლამდე არ დაუწყიათ. ჯგუფის წევრები ირწმუნებიან, რომ სამომავლო გეგმებისთვის მათ საკმაოდ ნათელი წარმოდგენა აქვთ და სრულიად ახალი კონცეპტი, რომელიც ჯგუფის საუკეთესო ტრადიციებთან ერთად სრულიად ახალ მუსიკალურ ექსპერიმნეტებსაც ითვალისწინებს.

კომენტარები