თამბაქოს გაძვირება

თაბუაშვილი: ფილიპ მორისის წარმოებული სიგარეტი დეფიციტის გამო გაძვირდა

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ფილიპ მორისის წარმოებული სიგარეტი აქციზის განაკვეთის ზრდას არ გაუძვირებია. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი განმარტავს, რომ "ადგილი აქვს ელემენტარულ საბაზრო კანონის მოქმედებას - ბაზარზე არ არის საკმარისი რაოდენობის და მოცულობის თამბაქოს პროდუქცია, კონკრეტულად ამ მწარმოებლის პროდუქცია. მოთხოვნა არის გაცილებით მეტი, ვიდრე მიწოდება, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა". თაბუაშვილის თქმითვე, იმის დადასტურება, რომ სიგარეტი აქციზის გამო არ გაძვირებულა, მარტივად შეიძლება.

"ნახავთ, რომ სხვა მწარმოებლის სიგარეტი არ გაძვირებულა. თან, ჩვენი გათვლებით, აქციზის განაკვეთის ზრდას უნდა გამოეწვია ერთ კოლოფ სიგარეტზე ფასის 28-45 თეთრით მატება. ჩვენ ვნახეთ, რომ რიგ შემთხვევებში გაორმაგება-გასამმაგება იყო" - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

ახალი წლიდან საქართველოში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი საგრძნობლად გაძვირდა. კონკრეტულად, ფასმა მოიმატა კომპანია ომეგას შემოტანილ პროდუქციაზე - გაორმაგებულია პარლამენტის, მარლბოროს, ჩესტერფილდისა და ელ ემ-ის ფასები. რუსთავი ორის ცნობით, ომეგას დისტიბუტორებს სხვადასხვა მაღაზიაში თვეზე მეტია, არ მიუტანიათ თამბაქოს პროდუქცია. გავრცელებული ინფორმაციით, ფასების ზრდა სწორედ დეფიციტს უკავშირდება, თუმცა, ომეგა 2-ში ამ თემაზე განმარტებებს არ აკეთებენ. კომპანიაში მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ ოფიციალურ განცხადებას მიმდინარე კვირაში გააკეთებენ. 

აქვე შეგახსენებთ, რომ სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთი 2016 წლის 1-ელი იანვრიდან გაიზარდა. აქციზის ფასმა ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 20 თეთრით, უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 5 თეთრით, ერთ ღერ სიგარაზე - 40 თეთრით, სიგარილებზე (20 ღერი) - 50 თეთრით, ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე (1 კგ-ზე) - 5 ლარით მოიმატა. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი 5-დან 10 პროცენტამდე გაიზარდა. აქციზის გაძვირება მთავრობამ თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებით, ამ მხრივ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებითა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაციის მიზნებით ახსნა.

კომენტარები