თამბაქოს გაძვირება

ფილიპ მორის საქართველო: თამბაქოს ფასის ზრდა აქციზის გადასახადს არ უკავშირდება

მიკაელა რელე / REUTERS

"ფილიპ მორის - საქართველო" განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ თამბაქოს ზოგიერთ პროდუქციაზე ფასი კომპანიას არ გაუზრდია და სამომხმარებლო ფასი საცალო მოვაჭრეების მიერ დადგინდა. კომპანიის განცხადებით, შეიქმნა მარაგების დეფიციტი, რაც სამართლებრივი დავის შედეგია.

"პროდუქციაზე (მათ შორის MARLBORO და PARLIAMENT) ფასების მკვეთრი ზრდის შესახებ ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, "ფილიპ მორის საქართველოს" სურს განმარტოს, რომ მას სავაჭრო ქსელში ფასები არ გაუზრდია 2015 წლის აგვისტოს შემდეგ. შესაბამისად, "ფილიპ მორის საქართველო" ეთანხმება ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ "ფილიპ მორის საქართველოს" პროდუქციაზე ბოლო დროს მომხდარი ფასების ზრდა არ უკავშირდება 1 იანვრიდან გაზრდილ აქციზის გადასახადს.

სამომხმარებლო ფასები დგინდება უშუალოდ საცალო მოვაჭრეების მიერ და "ფილიპ მორის საქართველოს" არ უთამაშია რაიმე როლი მათ გაზრდაში. ვწუხვართ, რომ ჩვენი პროდუქციის სრულწლოვანი მომხმარებლები დროებით მოექცნენ შექმნილი გარემოებების ზეგავლენის ქვეშ და რომ ჩვენი საცალოდ მოვაჭრე პარტნიორები აღმოჩდნენ პროდუქციის საკმარისი მარაგების გარეშე. მარაგების დეფიციტის გამომწვევი მიზეზია ბოლო ხანებში არსებული შეფერხებები დისტრიბუციაში, რაც თავის მხრივ მიმდინარე სამართლებრივი დავის შედეგია, რომელიც იმედია მალე დასრულდება", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები