ეროვნული ვალუტა

ვარდნილი ლარის წლის შედეგები და ფრთხილი მოლოდინი

გასული 2015 წელი მძიმე გამოდგა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრებისათვის. ამის მთავარი მიზეზი ლარის დევალვაცია იყო. მიუხედავად დაბალი ეკონომიკური ზრდისა და სხვა ნეგატიური პროცესებისა, რომელიც აღინიშნებოდა ქვეყნის ეკონომიკაში, რომ არა ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება, მისი შედეგები არ იქნებოდა ასე საგრძნობი.

ლარმა გაუფასურება ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერის ბოლოდან დაიწყო და დეკემბრის დასაწყისში მისმა გაცვლითმა კურსმა ერთ აშშ დოლართან მიმართებაში 1,95 ლარი შეადგინა, თუმცა თვის ბოლოსათვის 1,86-ის ფარგლებში დაფიქსირდა. მისი გაუფასურება მთელი 2015 წლის განმავლობაშიც გაგრძელდა და დეკემბრის ბოლოს 2,4 ნიშნულზე გაჩერდა. გასული წლის განმავლობაში ლარის დევალვაციის მაჩვენებელმა 29 პროცენტი შეადგინა.

ახალი ხელისუფლების საქმიანობის სამწლიან ციკლში ლარმა დოლართან მიმართებაში 45 პროცენტიანი ვარდნა განიცადა (1,65-დან 2.40-მდე). ამის მიზეზი როგორც საგარეო შოკები, ასევე შიდა ფაქტორები იყო.

ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი იყო ექსპორტის კლება და ფულადი გზავნილების შემცირება, აგრეთვე ვალუტის შემომტანი მომსახურების დარგების ( ტურიზმი , კავშირგაბმულობა, სატრანსპორტი გადაზიდვები და სხვა) სუსტი ზრდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლარი წონასწორობის ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა, სავალუტო ბაზარზე კვლვ ნერვიული ვითარებაა. თუ რამდენად იქნება აღნიშნული წონასწორობა მდგრადი, ეს მთავრობისა და ეროვნული ბანკის სწორ და კოორდინირებულ ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული.

დოლარის გლობალური გამყარება, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეროვნული ვალუტების გაუფასურება, საბერძნეთის საფინანასო კრიზისი და განსაკუთრებით რუსული რუბლის სწრაფი დევალვაცია გასულ წელს ლარზე ზეწოლის მთავარი საგარეო ფაქტორები იყო. უკრაინის, როგორც ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ბაზრის შეზღუდვამ და ზოგიერთ მის რეგიონთან (დონბსი, ყირიმი) სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტამ, ასევე უარყოფითი როლი ითამაშა ლარის გაუფასურებაში.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკს ფულის მასა სრული კონტროლის ქვეშ ჰქონდა მოქცეული, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ლარის გაუფასურების თავიდან ასაცილებლად, თუმცა გადამწყვეტი როლი ითამაშა ინფლაციის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებაში. სამომხმარებლო ფასები გასულ წელს 4,9 პროცენტით გაიზარდა, თუმცა, ზოგიერთ საფასო სეგმენტში მის მისი ორნიშნა დონეზე მატება აღინიშნა ( მედიკამენტები, თამბაქოს ნაწარმი, ალკოჰოლური სასმელები, ავეჯი და სხვა). ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, რომ არა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი კლება, ისევე როგორც სურსათის ზოგიერთ სახეობაზე ფასების შემცირება.

ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში კვლავ რჩება არაერთგვაროვანი. შარშანდელი დაბალი ეკონომიკური ზრდა 2,8 პროცენტის ფარგლებში იყო. რაიმე სერიოზული გარდატეხა არც 2016 წლისთვის არის მოსალოდნელი. ზრდის ტემპი დაგეგმილია 3 პროცენტის ოდენობით. კვლავ შენარჩუნებული იქნება უმუშევრობის მაღალი დონე და ეკონომიკის ამ ტემპით ზრდა ვერც სიღარიბის შემცირებაზე მოახდენს გავლენას

მიმდინარე წლის ძირითადი გამოწვევა კვლვ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი, ინფლაცია და ბიუჯეტის დროში თანაბარზომიერი შესრულების პრობლემა იქნება ( რაც იწვევს დეფიციტური ხარჯვის გადავადებას და მთელი სიმძიმის გადატანა წლის ბოლო თვეებზე).

2016 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტის ფარგლებშია დაგეგმილი.

გასულ წელს გაუმჯობესდა საგარეო ვაჭრობის ბალანსი წინა წელთან შედარებით, რაც ლარის დევალვაციის შედეგად იმპორტის მკვეთრი შემცირების შედეგია. ექსპორტი შემცირდა 23 პროცენტით, ხოლო იმპორტი 11 პროცენტით (11 თვის შედეგების მიხედვით).

დაახლოებით 7 პროცენტით მოიმატა ტურისტების რაოდენობამ. ზრდის ტემპი მეტია, ვიდრე ეს იყო 2014 წელს (1, 8 პროცენტი), თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩება წინა წლებში მიღწეულ შედეგებს, როცა ზრდა ორნიშნა ციფრებით გამოიხატებოდა. ეს მთავრობის არასწორი სავიზო შეზღუდვებით იყო გამოწვეული. ტურისტების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, შემოსავლებმა ამ სფეროში უმნიშვნელოდ მოიმატა, რაც მათი დაბალი მსყიდველობითუნარიანობით იყო განპირობებული.

შემცირდა აგრეთვე სწრაფი ფულადი გზავნილების მეშვეობით რუსეთიდან, საბერძნეთიდან და ზოგიეთი სხვა ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადმორიცხვა. დანაკლისმა წინა წელთან შედარებით 11 თვეში 26 პროცენტი (347 მილიონი დოლარი) შეადგინა.

შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, თუმცა მისი მოცულობა არ გამოიყურება კრიტიკულად, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 2014 წელს ინვესტიციების მაჩვენებელი იყო ერთ-ერთი სარეკორდო ბოლო წლების განმავლობაში და მასთან მიმართებით კლება არ ნიშნავს მის სიმწირეს.

რაც შეეხება საბიუჯეტო პროცესს, ის შედარებით უკეთესად წარიმართა, ვიდრე წინა წელს. შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით იქნა შესრულებული, ხოლო ხარჯებში ჩამორჩენა უმნიშვნელო იყო. თუმცა კვლავ ტრადიციულ სენად დარჩა ინრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილი თანხების აუთვისებლობა. ისინი ბიუჯეტის რამდენჯერმე კორექტირების შედეგად გადატანილი იქნა სხვა მიმართულებით ( ჯანდაცვა და სხვა), დაიხარჯა წლის ბოლო თვეს და შექმნა ხარჯების გეგმის შესრულების ილუზია. წლის განმავლობაში ჯანდაცვის ხარჯების ორჯერ კორექტირება გადიდების მიმართულებით იყო ამ პროგრამის არაეფექტურების დამადასტურებული მაგალითი და იგი შეიძლება სერიოზული პრობლემის შემქმნელი გახდეს როგორც მიმდინარე, ასევე მომდევნო წლების ბიუჯეტისათვის.

მთლიანობაში, გასული წელი ჰგავდა 2014 წელს და მიმდინარე 2016 წელსაც მემკვიდრეობით გადმოყვება წინა ორი წლის დადებითი და უარყოფითი ნიშნები, თუმცა გარკვეულ გამოცოცხლებას წლის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ, თუმცა ეკონომიკური ზრდის დაგეგმილი ტემპი არ იქნება საკმარისი ცხოვრების დონის ასამაღლებლად. ყოველივე ეს მოითხოვს ხელისუფლების მხრიდან უფრო აქტიური, ლიბერალური ხასიათის ეკონომიკური ნაბიჯების გადადგმას.

ამასთან, სახეზეა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის კორექცია, რომელიც მეტ რეგულირებაზე და ბიუჯეტის დეფიციტის ზრდაზეა ორიენტირებული. მეტი სუბსიდიები, ნაკლებადეფექტური საბიუჯეტო მხარდაჭერა ბიზნესისადმი და არადაბალანსებული სოციალური პოლიტიკა-საბოლო ჯამში ფასების ზრდის, ლარის დევალვაციისა და ეკონომიკური ზრდის შეფერხების რისკებს აჩენს.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2016 წელს პროცესები ფისკალურ და მონეტარულ სფეროში უკეთესი იქნება გასული წელთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ საგარეო ფაქტორების ნეგატიური ზემოქმედება იქნება უფრო შერბილებული. რუსეთ-თურქეთის გართულებული ურთიერთობები შეიძლება აისახოს ჩვენს ეკონომიკაზე როგორც უარყოფითად( ტრანსფერტების შემცირება, უმუშევრად დარჩენილი ემიგრანტების დაბრუნება) ასევე დადებითად ( თურქული საქონლის ჩანაცვლება რუსეთის ბაზარზე, ტურიტების რაოდენობის მატება, მათ შორის ეგვიპტის ფაქტორის გამო). მთლიანობაში ისინი ერთმანეთს გააბათილებენ. მიუხედავად დოლარის გამყარების ტენდენციისა მსოფლიო სავალუტო ბაზარზე, მის უარყოფით ზემოქმედება ჩვენზე ნაკლებად უნდა ველოდეთ.

ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და სავაჭრო ბალანსზე დადებით ზემოქმედების მომხდენი იქნება ნავთობზე მსოფლიო ბაზარზე ფასების კლება. იგი ქვეყნიდან უცხოური ვალუტის ნაკლებ გადინებასაც შეუწყობს ხელს.

რუსეთის რუბლის დევალვაცია, ისევე როგორც ეკონომიკის შემცირება კვლავ გაგრძელდება, თუმცა იგი უკვე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს ფულადი გზავნილებების მოცულობაზე, ხოლო ჩვენი საქონლის ექსპორტი შიძლება კიდევაც გაიზარდოს რუსეთის მიერ დასავლეთის ქვეყნებისა და თურქეთისათვის გამოცხადებული საქონლის ემბარგოს გამო.

უკრაინის ბაზრმა უნდა დაიწყოს გამოცოცხლება, რადგან რუსეთის მხრიდან პირდაპირი სამხედრო აგრესიის განახლების საფრთხე ნაკლებად რეალური ჩანს, რუსეთის ეკონომიკის რეცესიის ფაზაში შესვლის, სირიაში განვითარებული მოვლენებისა და თურქეთთან დაპირისპირების გამო. უკრაინის ვალუტის დევალვაციის შეჩერება და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის მატება გარკვეულ გავლენას მოახდენს საქართველოან ამ ქვეყანაში საქონლის ექსპორტის ზრდაზე.

მიმდინარე წელს დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტის დამთავრება და ახლის წამოწყება. პირველ რიგში ეს ეხება ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედება. ინტენსიურ ფაზაში შევა შაჰდენიზ 2-ს ფარგლებში გაზსადენის მშენებლობის სამუშაოები საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც 2018 წელს უნდა დამთავრდეს. ასევე მოსალოდნელია ანაკლიის პორტის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა და გაკვეული, მოსამზადებელი სახის სამუშაოების წამოწყება. უნდა ველოდოთ ასევე ენერგეტიკის სფეროში საინვესტიციო აქტივობის ზრდას.

დადებით საგარეო-ეკონომიკურ ფაქტორად შეიძლება განვიხილოთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანდათანობითი ამოქმედება და უვიზო მიმოსვლის შემოღება, რაც ქვეყნის ბიზნესგარემოს ( განსაკუთრებით წვრილი და საშუალო მეწარმეობის) გამოცოცხლებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს.
მიმდინარე წლის ერთ-ერთი გამოწვევა საპარლამენტო არჩევნები იქნება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ იგი სასურველი სცენარით წარიმართება და ხელს არ შეუშლის ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს.

კომენტარები