ჯორჯ სოროსი

ჯორჯ სოროსი ახალი ფინანსური კრიზისის რისკებზე საუბრობს

Akos Stiller / Bloomberg

"გლობალური ბაზრები ახალი კრიზისის რისკის წინაშე დგანან, ამიტომაც ინვესტორებმა მიმდინარე მოვლენებს სიფრთხილით უნდა ადევნონ თვალყური," ამბობს მილიარდერი ჯორჯ სოროსი შრი ლანკაში გამართულ ეკონომიკურ სამიტზე. სოროსის თქმით, პრობლემების დიდი ნაწილი ჩინეთს უკავშირდება, რომელიც კრიზისის თავიდან არიდების მიზნით, საკუთარი ვალუტის დევალვაციას ახდენს, შედეგად კი სავალუტო ბაზარზე არასტაბილურობას თესავს. 

სოროსი ნედლეულის ფასების ვარდნაშიც ხედავს რისკებს. 7 იანვარს ბარელი ნედლი ნავთობის ფასები $32.8-მდე შემცირდა, რაც გასული 14 წლის მინიმუმს წარმოადგენს. გასული კვირის მანძილზე ვარდნას განაგრძობდნენ ჩინური ბირჟები, რის გამოც მათი ავარიული დახურვაც მოხდა. 

"ჩინეთს აქვს მნიშვნელოვანი დილემა, მე ვიტყოდი, რომ ის კრიზისისკენ მიემართება. როდესაც მიმდინარე მოვლენებს ვადევნებ თვალყურს 2008 წლის კრიზისამდე არსებული ვითარება მაგონდება."- ამბობს სოროსი. 

კორჯ სოროსი 2008 წლის მსგავსი კრიზისის რისკებზე 2011 წელსაც საუბრობდა. მაშინ სოროსი მაღალი რისკის ზონად ევროკავშირს, კონკრეტულად კი საბერძნეთს მიიჩნევდა, რომლის სუვერენული ვალის კრიზისსაც ახალი მსოფლიო კრიზისის გამოწვევა შეეძლო. 2011 სორისის პროგნოზი საბერძნეთთან დაკავშირებით არასრულად გამართლდა. უცნობია თუ რამდენად გამართლდება მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის ქვეყანასთან - ჩინეთთან დაკავშირებით გაკეთებული პროგნოზები. 

ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ახალი პოლიტიკა მიიღო, რომლის მიხედვითაც პარტია 2020 წლამდე იუანის გაცვლითი კურსის კონტროლს შეამცირებს. ეს პოლიტიკა იუანის კურსზე უკვე აისახა, რომელიც ბირჟების ვარდნის შემდეგ გაუფასურდა. ჩინეთის მთავარი პრობლემა საფონდო ბირჟის ვარდნაა, რომელიც გასული წლების მანძლიზე განსაკუთრებული მომგებიანობით გამოირჩეოდა. დაბალია რისკი, რომ საფონდო ბირჟის კრიზისმა საბანკო კრიზისი გამოიწვიოს, რადგანაც ბანკების მონაწილეობა საფონდო ბირჟაზე დაბალია, თუმცა არსებობს რისკი, რომ საფონდო ბირჟის კრიზისი უძრავი ქონების ბაზარზს გადაედოს, რის შედეგადაც შესაძლოა ჩინეთი ახალი მსოფლიო ფინანსური კრიზისის პროვოცირების მიზეზი გახდეს. 

ჯორჯ სოროსის კაპიტალი დაახლოებით $27.3 მილიარდს შეადგენს, მისი კომპანიის მოგება 1969 - 2011 წლამდე საშუალოდ 20%-ით იზრდებოდა.

კომენტარები