ენერგეტიკა

მთავრობა $250 მილიონად გაზსაცავის აშენებას გეგმავს

Reuters

2016 წელს მთავრობა გაზსაცავის პროექტის დაწყებას გეგმავს, პროექტის ღირებულება დაახლოებით $230-250 მილიონი იქნება, ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. პროექტის შემუშავებაში სახელმწიფოს კუთვნილი გაზისა და ნავთობის კორპორაციაც არის ჩართული. საცავი ქვეყანას 2006 წლის ენერგობლოკადის მსგავს კრიზისულ ვითარებაში მოამარაგებს. უცნობია თუ რა დაფინანსების წყაროებით მოხდება საცავის აშენება.

"მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ ვგეგმავთ, 2016 წელს დავიწყოთ ამ პროექტის განხორციელება. მიმდინარეობს კვლევები, მისი საერთო ღირებულება იქნება დაახლოებით 230-დან 250 მლნ ამერიკულ დოლარამდე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ზოგადად, ყველა ქვეყანა ცდილობს, ჰქონდეს ამგვარი გაზსაცავი და ჩვენც მომავალ წელს დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას",- ამბობს კალაძე.

2015 წელს გაცხადებული პროექტის მიხედვით მიწისქვეშა გაზსაცავი სამგორში ერთერთი ნავთობსაბადოს ტერიტორიაზე იქნება მოწყობილი. ბუნებრივ აირს მიწის ქვეშ ნავთობის საბადოს ბუნებრივ სიღრუეში შეინახავენ. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ამ ტერიტორიაზე საცავის მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღო.

გაზსაცავის მშენებლობის შემდეგ შესაძლებელი იქნება მასში 230-250 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა, რაც საქართველოში გაზის მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს. ნავთობისა და გაზის კორპორაცია საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტს აზერბაიჯანიდან, სოკართან გაფორმებული ხელშეკრულებით ახორციელებს.

ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ამბობენ, რომ გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ახალ ობიექტს, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ობიექტი კრიტიკულ ვითარებაში ქვეყნისათვის გაზის მიწოდების სათადარიგო წყარო იქნება.

კომენტარები