მშენებლობა

გლდანში სტადიონის ნაცვლად კორპუსის აშენებაზე მერიამ ნებართვა არ გასცა

თბილისის მერია

გლდანის I მ/რ-ში სტადიონის ნაცვლად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ამ ტერიტორიის კერძო მესაკუთრეს შესაბამისი ნებართვა არ მისცა. მიზეზად მერიაში მოსახლეობის თხოვნასა და სარეკრეაციო-სპოტული სივრცის შენარჩუნების სურვილს ასახელებენ.

დავით ნარმანიამ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ეს ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო. მისი თქმით, იმისთვის, რომ ინვესტორი არ დაზარალდეს, მასთან ადგილმონაცვლეობაზე იმსჯელებენ.

„დაუშვებელია სტადიონის ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარება და სასურველია გამოიძებნოს სამართლებრივი საშუალება, რათა ტერიტორიას საზოგადოებრივ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი შეუნარჩუნდეს. ამასთან, ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, დღეის მდგომარეობით, წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებით გარემოცულ, კეთილმოწყობილ, მოქმედ სტადიონს, ტერიტორიაზე არსებულ ერთადერთ სარეკრეაციო-სპორტულ სივრცეს, რომელიც ქმნის მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და მისი დემონტაჟი დაუშვებელია" - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტადიონის ნაცვლად კორპუსის აშენების გეგმებს ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდა.

კომენტარები