თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტებზე

ეთიკის ქარტია: დროულად გამოიძიეთ ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი. საბჭოს განცხადებით, დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის გამო ჟურნალისტზე თავდასხმა ან რაიმე ტიპის ძალადობა.

"მედიას აქვს უფლება, ეთიკური სტანდარტების დაცვით საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად მოამზადოს მასალა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია, ცენზურა კი – დაუშვებელი", - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში და აღნიშნულია, რომ დამნაშავე პირების სათანადოდ დაუსჯელობის პრეცედენტმა შესაძლოა, სხვა პირები მედიაზე თავდასხმისკენ წაახალისოს, ჟურნალისტებს კი გაუჩნდეთ თვითცენზურა - მოერიდონ გარკვეული თემების კრიტიკულად გაშუქებას.

"ქარტია ესაუბრა ჟურნალისტებს, ისინი თავდასხმას მათ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებენ. მათი თქმით, თავდამსხმელები ამბობდნენ, რომ არ მოსწონდათ „ტაბულას" მიერ რელიგიური თემატიკის გაშუქება. როგორც „ტაბულას" ჟურნალისტები ამბობენ, თავდამსხმელების მხრიდან იყო მუქარაც. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, სამართალდამცავმა უწყებებმა უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის გაასაჯაროონ და არ შეიქმნას დაუსჯელობის პრეცედენტი", - აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

ტაბულას ჟურნალისტებს გუშინ საღამოს, რესტორან ჭაშნაგირში უცხო პირები დაესხნენ თავს. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, დაამტვრიეს რესტორნის ინვენტარი. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო. 

კომენტარები