თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტებზე

ომბუდსმენი ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმის დროულ გამოძიებას მოითხოვს

radiotavisupleba.ge/

საქართველოს სახალხო დამცველი ტაბულას ჟურნალისტებზე 12 იანვარს მომხდარი თავდასხმის ფაქტს საგანგაშოს უწოდებს. სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიის როლი დემოკრატიის მშენებლობაში განუზომელია, ამიტომაც ომბუდსმენი სამართალდამცავებისგან დროული და ეფექტური გამოძიების ჩატარებას და დამნაშავეთა ადეკვატურ დასჯას მოითხოვს. 

"სახალხო დამცველი გმობს ყველანაირ ძალადობას და, მათ შორის, განსაკუთრებით საგანგაშოა ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, მათი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. განუზომელია გამოხატვის თავისუფლებისა და თავისუფალი მედიის როლი ინკლუზიური, ინფორმირებული საზოგადოებებისა და დემოკრატიის მშენებლობაში, ჯეროვანი მმართველობის დამკვიდრებაში. აუცილებელია ზემოაღნიშნულ ფაქტზე ჩატარდეს დროული და ეფექტური გამოძიება, ხოლო დამნაშავე პირები ადეკვატურად დაისაჯონ. თავდამსხმელებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება მნიშვნელოვანი ფაქტორია მომავალში ძალადობის განმეორების თავიდან ასაცილებლად. გამოძიების მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს სიძულვილის მოტივის სათანადოდ შეფასებაზე. საქართველოს სახალხო დამცველი უშუალოდ მიადევნებს თვალს გამოძიების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

კოტე აფხაზის ქუჩაზე, რესტორან ჭაშნაგირში ტაბულას ჟურნალისტებს, ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა და ტაბულას ყოფილ თანამშრომელს, ავთო ქორიძეს, გუშინ თავს დაესხნენ.

ტაბულას ჟურნალისტის, ირაკლი კიკნაველიძის თქმით, რამდენიმე პირმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რესტორნის ინვენტარი დააზიანა. კიკნაველიძის თქმით, თავდამსხმელები მოტივად "ტაბულას მიერ ეკლესიის გინებას" ასახელებდნენ. 

კომენტარები