ობამას ყოველწლიური მიმართვა

ბარაკ ობამა: მსოფლიო ლიდერად ხედავს ამერიკას და არა რუსეთს ან ჩინეთს

White House

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პრეზიდენტის რანგში კონგრესის წინაშე ყოველწლიური მიმართვით ბოლოჯერ წარდგა. მიმართვისას მან ძირითადი აქცენტი აშშ-ში არსებულ ვითარებაზე, ახლო აღმოსავლეთზე, უკრაინასა და რუსეთზე გააკეთა.

"საუბრები ამერიკის ეკონომიკურ ვარდნაზე პოლიტიკური პროპაგანდაა. პოლიტიკური პროპაგანდაა ის რიტორიკაც, რომელიც თქვენ გესმით იმის შესახებ, რომ თითქოს ჩვენი მტრები ძლიერდებიან და ამერიკა სუსტდება. ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა დედამიწაზე. ჩვენ უფრო მეტს ვხარჯავთ ჩვენს სამხედროებზე, ვიდრე ჩვენ შემდეგ მდგარი 8 ქვეყანა ჯამში. ჩვენი ჯარები მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დახვეწილი, ძლიერი და ბრძოლისუნარიანი არიან. ვერცერთი ქვეყანა ვერ ბედავს ამერიკაზე ან ჩვენს მოკავშირეებზე თავდასხმას, რადგან იციან, რომ ეს იქნება გზა მათი განადგურებისკენ. მიმოხილვები ცხადყოფს, რომ ჩემი პრეზიდენტობისას ჩვენი პოზიციები მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც საქმე სერიოზულ საერთაშორისო პრობლემას ეხება, ადამიანები მთელი მსოფლიოდან არ უყურებენ პეკინს ან მოსკოვს, ისინი ჩვენ გვიხმობენ, რათა მათ ვულიდეროთ", - თქვა ობამამ.

ობამა რუსეთის უკრაინასა და სირიის მიმართ მოქმედებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსეთს ამ ქვეყნებზე გავლენის შენარჩუნება გაუჭირდება.

"მიუხედავად მათი ეკონომიკური კონტრაქტებისა, რუსეთი ყველა რესურს იყენებს უკრაინასა და სირიაზე გავლენის შესანარჩუნებლად, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ქვეყნები მათი ორბიტიდან გადიან", - აღნიშნა მან.

ობამამ "ახალი რეალობის" და მსოფლიოს წინაშე არსებულ საფრთხეებზეც ისაუბრა.

"საერთაშორისო სისტემას, რომელიც ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ავაშენეთ, უჭირს დაეწიოს ახალ რეალობას. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ სისტემას მოდერნიზაციაში, უნდა დავისახოთ ახალი პრიორიტეტები. უპირველესი პრიორიტეტია ამერიკელი ხალხის ტერორისტებისგან დაცვა. ალ-ქაიდაც და ე.წ. ისლამური სახელმწიფოც არაფრად მიიჩნევს ადამიანის სიცოცხლეს, ისინი არც საკუთარი ხალხის ხოცვაზე ამბობენ უარს. მათ შეუძლიათ, მსოფლიოს დიდი დარტყმა მიაყენონ, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ლიკვიდირებისათვის. თუ ამ მოწვევის კონგრესს ტერორიზმთან ომის მოგება მართლა სურს და უნდა, მთელს მსოფლიოში მყოფ ჩვენს ჯარებს სიგნალი გაუგზავნოს, მაშინ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენების ნებართვა უნდა გასცეთ,"- თქვა ობამამ.

კომენტარები