შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამი ახალი მოადგილე წარადგინა

ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მოადგილეები წარადგინა. მინისტრმა პირველ მოადგილედ ბესიკ ამირანაშვილი, ხოლო მოადგილეებად - დავით ვარდიაშვილი და მერაბ მალანია დაასახელა. გიორგი მღებრიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განახლებულ გუნდთან ერთად გააგრძელებს და გაამკაცრებს ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ.

"დანაშაული არსებობდა და ყოველთვის იარსებებს - მთავარია, სახელმწიფო რას უპირისპირებს მას. დანაშაულს ჩვენ ვუპირისპირებთ შეუწყნარებელ პოლიტიკას. ჩვენი მიზანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო ეფექტური შედეგები და უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. ხაზგასმით ვაცხადებ, არანაირი შეღავათი, არანაირი მოწოდება და თხოვნა, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, არ იქნება გათვალისწინებული, როცა საქმე გვაქვს სამართალდამრღვევთან და დამნაშავესთან. მიუხედავად კრიმინალის დამცველების მხრიდან პოლიციის მიმართ პერიოდულად გაჟღერებული ინსინუაციებისა, პოლიცია არცერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევს, იგი იმოქმედებს კანონის და, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების სრული დაცვით და გააგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ. ნებისმიერი პირი, რომელიც არ დაემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და გამოხატავს უპატივცემულობას პოლიციის მიმართ, პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით. მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვაცხადებ, რომ ბრძოლა დანაშაულთან იქნება შეურიგებელი, შეუვალი და ჩვენ ერთად, ამ გზაზე აუცილებლად ვიქნებით წარმატებულები. სწორედ კრიმინალთან ბრძოლაში გამოიჩინა თავი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ბესიკ ამირანაშვილმა, რომელსაც დღეს ჩემს პირველ მოადგილედ წარმოგიდგენთ. მან საქმიანობა რიგით გამომძიებლად დაიწყო და გაიარა სხვადასხვა კარიერული ეტაპი, მუშაობდა თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, იმერეთის პოლიციის სამმართველოებში და ბოლოს, აჭარაში. სისტემას უდავოდ სჭირდება პრაქტიკოსი, ძლიერი პროფესიონალები და დარწმუნებული ვარ, ბესიკი წარმატებით გაართმევს თავს ყველა ამოცანას", - თქვა მღებრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებითვე, კიდევ ერთი ახალი მოადგილე დავით ვარდიაშვილი სამინისტროს საფინანსო სამეურნეო მიმართულებას უხელმძღვანელებს.  

"მე მას უკვე მრავალი წელია, ვიცნობ. ის არის საუკეთესო მენეჯერული თისებებით დაჯილდოებული წარმატებული ფინანსისტი და იურისტი, ასევე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, 18 ტექნიკური სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მინდა, წარმატება ვუსურვო დავითსაც, მე მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მიწევს მასთან მუშაობა, რამეთუ ჩვენ ადრეც ერთად ვმუშაობდით", - აღნიშნა მღებრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მესამე მოადგილე კი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მერაბ მალანია იქნება.

"ის არის თავისი საქმის პროფესიონალი, ერთგული ადამიანი, თავის ქვეყანაზე შეყვარებული. მას გამოცდილება აქვს საკმაოდ მდიდარი სამართალდამცავ სისტემაში მუშაობისა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისიც წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ეს არის ჩვენი განახლებული გუნდი, ეს არის პირველი ეტაპი იმ ძირეული საკადრო და სისტემური ცვლილებებისა, რომელიც იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროში. მე დარწმუნებული ვარ, ღრმად მჯერა, რომ ჩვენ ყოველთვის გვექნება მხარდაჭერა საზოგადოების და ჩვენ ვიქნებით წარმატებულნი კრიმინალთან ბრძოლაში", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები